საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკების შემდეგ, ეგვიპტის არმიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინა კონსტიტუციის მოქმედება და სახელმწიფოს დროებით მეთაურად დაენიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, აგრეთვე, ჩამოეყალიბებინა დროებითი მთავრობა და დაენიშნა ახალი არჩევნები.
გენერლის თქმით, არმია არ ჩაერევა პოლიტიკაში, მაგრამ დაიცავს კანონებს და წესრიგს გარდამავალ პერიოდში.
არც გადაყენებულ პრეზიდენტს და არც მის მომხრეებს ჯერ არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ. სად იმყოფება ამჟამად მურსი, არავინ არ იცის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას და მის ახლობლებს აეკრძალათ ქვეყნის დატოვება.
აჯანყება მურსის წინააღმდეგ 30 ივნისს _ მისი ინაუგურაციის წლისთავზე დაიწყო. მილიონობით ადამიანი აპროტესტებდა პრეზიდენტის მიერ ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას და ხელისუფლების უუნარობას, გაეუმჯობესებინა ეკონომიკა და სოციალური ვითარება.