(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ “სახალხო კრების” ლანჩხუთის ოფისის ხელმძღვანელის გია გურგენაძის თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერებზე სხვადასხვა სახის ზეწოლა მიმდინარეობს და ამაში შუხუთის რწმუნებული და ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეც კი არიან ჩართულები: _ ბოლო დროს, ჩვენს მხარდამჭერებზე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ზეწოლა, ძირითადად, ეს ფსიქოლოგიური კუთხით ხორციელდება _ ჩვენი მხარდამჭერებისა თუ აქტივისტების მობილურ ტელეფონებზე ხორციელდება ზარები უცნობი ნომრებიდან და შემდეგ უთიშავენ. ისინი ცდილობენ, ჩვენს მხარდამჭერებზე გავლენა მოახდინონ, თუმცა, ამით ვერაფერს მიაღწევენ!@კიდევ ერთი ზეწოლის ფაქტის შესახებ მინდა გიამბოთ, ამჯერად საუბარია კონკრეტულ შემთხვევაზე _ რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთში, ჩვენი თბილისის ოფისიდან ჩამოვიდა კოლონა, რომელმაც უბრალოდ გამოიარა ლანჩხუთში. მთელი გამგეობა გამოფენილი იყო. ეტყობა, რაღაცას ელოდნენ. არადა, არაფერი არ ხდებოდა. როცა თბილისში ხალხი მიგვყავდა, ჩვენი მხარდამჭერის, შუხუთელი ალეკო ცინცაძის სახლში მისულან რევაზ ჩიტიძე და სოფლის რწმუნებული გოჩა მოქია. მათ აინტერესებდათ, რატომ იყო ცინცაძე ჩვენთან ან რას ვგეგმავდით. ძალიან სამწუხაროა, როცა ხელისუფლება დემოკრატიაზე საუბრობს და ასეთი ბინძური მეთოდებით გვებრძვის, _ თქვა გია გურგენაძემ.
ჩვენ ალეკო ცინცაძეს დავუკავშირდით, მაგრამ მან ჩვენთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე, რევაზ ჩიტიძე ოპოზიციონერის მიერ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს:
_ ბატონო რეზო, გია გურგენაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თქვენ და სოფლის რწმუნებული მათი მხარდამჭერის, შუხუთელი ალეკო ცინცაძის სახლში მიხვედით და ზეწოლა მოახდინეთ მასზე.
_ ვინ არის ალეკო ცინცაძე? შუხუთში ასეთი ვინმე არის?
_ კი. თუ არ ვცდები, ლელობურთს აქტიურად თამაშობს…
_ გამახსენდა, ზემო შუხუთში არის ასეთი პიროვნება. მისი პოლიტიკური ორიენტაციაც არ ვიცი და რა ზეწოლას მოვახდენდი?
_ თბილისში ხალხი რატომ მიგყავთო და ა. შ.
_ არა, არა, ასეთი არაფერი ყოფილა. არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას.