(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა, 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე, საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები დაასახელა. მისი თქმით, საგრანტო პროგრამა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წელს პირველად ხორციელდება და იგი ითვალისწინებს სოციალურ-კულტურული პროექტების დაფინანსებას.
საგრანტო კონკურსის 22 პრეტენდენტიდან პირველ ეტაპზე, კომისიის მიერ ოთხი აპლიკანტის განაცხადი დაკმაყოფილდა _ დამოუკიდებელი მხატვარი მარინა უჯმაჯურიძის; ფოლკლორული ანსამბლი “ლიხაურის”; ქალთა საესტრადო კვარტეტი “გამას” და ვოკალური ანსამბლი “აბჯარის”.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, საგრანტო პროგრამამ, რომლის პრეცენდენტიც მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებობს, საზოგადოებაში დიდი დაინტერესება გამოიწვია და სავარაუდოდ პროგრამის მეორე ეტაპი 2011 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ოფიციალური განცხადება პრესის საშუალებით არ გაკეთებულა.