ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო რატიანმა განუცხადა. მისი თქმით, ვაშაძის ბინა ჯოზეფ ქეის მოთხოვნით დააყადაღეს, ამის მიზეზი კი გიორგი ვაშაძის განცხადება გახდა, რომელშიც მან ჯოზეფ კეი საერთაშორისო თაღლითად მოიხსენა. რატიანის განცხადებით, ახალი ხელისუფლება კეის განსაკუთრებით უფრთხილდება და მას ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად იყენებს.
“ჯოზეფ კეის მოთხოვნით, უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის ბინას დაადეს ყადაღა. ჯოზეფ კეიმ ჩათვალა, რომ მას მიაყენეს შეურაწყოფა და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება, ამიტომ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ვაშაძის ბინას უნდა დაედოს ყადაღა. ეს არის სრული აბსურდის თეატრი. ოპოზიციონერების პოლიტიკური დევნა უკვე გადადის ყოველგვარ ზღვარს, ეს არის შემაშფოთებელი. ჯოზეფ კეის მიმართ გარკვეული აზრი აქვს ჩამოყალიბებული ქართველ საზოგადოებას, ამაზე წერდა ამერიკული პრესაც. როდესაც საჯარო პირი ხარ, გმართებს მაღალი თმენა. მაგრამ ის, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება პროკურატურა და ამაში ერთვება სასამართლოც, სასაცილოა. რა საჭიროა დაყადაღება, როდესაც ვაშაძე არსად არ გარბის? შესაძლოა, უბრალოდ შემდგარიყო სასამართლო. ასეთი მოქმედებები უკვე შემაშფოთებელია და არა ადეკვატური,” _ განაცხადა საპარლაემნტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა.