ჩვენების ინიციატორი საპარლამენტო უმცირესობა იყო. მათი განცხადებით, კადრებში ნაჩვენებია, რომ პოლიცია უკანონოდ და არასამართლებრივად იქცეოდა. მათ ხელი შეუშალეს და დააპატიმრეს ის ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების ვიზიტს აპროტესტებდნენ საქართველოში.
“ძალიან სამწუხარო განცხადებებს აკეთებს “ქართული ოცნება”. კომიტეტის სხდომაზე მათ მადლობა მოუხადეს პოლიციას. მე გავახსენებ საზოგადოებას, რისთვის უხდიან მადლობას ისინი პოლიციას. პოლიციამ ხელი შეუშალა ახალგაზრდების მშვიდობიან საპროტესტო აქციას რუსეთის წინააღმდეგ. ისინი აპროტესტებდნენ რუსი დეპუტატების აქ ჩამოსვლას, იმის გამო რომ რუსეთი ახორციელებს ქართული ტერიტორიების ოკუპაციას. მათ აუკრძალეს გამოეხატათ პროტესტი იმ რუსი პარლამენტარების წინააღმდეგ, რომლებსაც ხელი აქვთ გასვრილი ქართველების სისხლში. დღეს ვნახეთ, როგორ უხდიდნენ ამის გამო პოლიციას მადლობას “ქართული ოცნების” წევრები,” _ ამბობს აკაკი მინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს, “დინამო არენასთან” სამართალდამცველებმა არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” წევრები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს. ამ ფაქტს უკანონოს უწოდებს ოპოზიცია, თუმცა, უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქართველი სამართალდამცველები სწორად მოიქცნენ.