მან ლიტვაში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მასთან ერთად ლიტვაში გამგეობის ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის უფროსი რომან ბიწაძე და საკრებულოს დეპუტატი დავით ჩხაიძე იმყოფებოდნენ.
ლიტვის ქალაქ კუპიშისკისისთან განსაკუთრებული ურთიერთობა დიდიხანია აქვს ლანჩხუთს. 2009 წელს ამ ორი ქალაქის თავმა დამეგობრებას მოაწერა ხელი.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ევროკავშირის ეგიდით, მიიწვიეს დღესასწაულზე _ “დიალექტების დიალოგი”.
“სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო, არ მოგვეცა საშუალება მუნიციპალიტეტში მოქმედი ფოლკლორული ანსამბლები წაგვეყვანა ლიტვაში. მასპინძლებისგან განსაკუთრებული ყურადღება ვიგრძენით. მოგვიწყვეს სხვადასხვა სახის ტურისტული ტურები, დავათვალიერეთ ქალაქის ღირშესანიშნაობანი. როცა საქართველოში ვბრუნდებოდით, პოლონეთში ერთი ქართველი, ლანჩხუთელი, სოფელ ჩიბათის მკვიდრი დავით პატარაია მოვინახულეთ. მეამაყება, რომ დათო ძალიან წარმატებული და ცნობილი მხატვარია,” _ თქვა გიგინეიშვილმა.
რომან ბიწაძე: “მართალია, ეს იყო კულტურული ღონისძიება, მაგრამ მოგვეცა საშუალება, რომ სხვა ქვეყნების ბიზნესპროექტებს გავცნობოდით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბიზნესთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტურად განსხვავებული ხედვაა, ვიდრე იქ. ლიტვაში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგია _ აწარმოებენ ხორბალს, ჭვავს, ციტრუსს. დაუმუშავებელ ერთ გოჯ მიწას ვერ ნახავთ. სიმინდიც მოჰყავთ, მაგრამ მას ძირითადად მეცხოველეობაში იყენებენ.”