ანგარიშში ასახულია საარჩევნო სისტემის და სამართლებრივი ჩარჩოების, საარჩევნო ადმინისტრაციის, ამორმჩეველთა და კანდიდატების რეგისტრაციის პროცესის, საარჩევნო კამპანიის, მედია გარემოს და არჩევნების დღის შეფასებები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის მზადების პროცესს პროფესიონალურად და კანონით დადგენილი ვადების დაცვით წარუძღვა; ცესკოს ინიციატივით თითქმის ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა გაიარა ტრენინგი. სამივე ოლქში არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში და არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესი გამჭვირვალედ და კარგად ორგანიზებული იყო.
ეუთოს ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები, მათ შორის: ნათლად გაიწეროს საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტი (განსაზღვრავს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის წესს), იმისათვის, რომ საარჩევნო უბნებში ხელმძღვანელ პოზიციებზე დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობა იქნას უზრუნველყოფილი; ყველა დაინტერესებულმა მხარემ ცალსახად გამიჯნოს პარტიული და არაპარტიული დამკვირვებლის სტატუსი, მოქმედებდეს სამართლებრივ დებულებებთან შესაბამისად და კანონმდებლობის დაცვით გაიაროს სააკრედიტაციო პროცედურები; საუბნო საარჩევნო კომისიებზე პოლიციის მიერ ზეწოლის სავარაუდო ფაქტების სრულფასოვანი მოკვლევა და კანონდამრღვევი პირების მიმართ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.