_ მათი განცხადებით, 13 ივლისს, დილით, კორპუსის წინ ბორდიურის დანგრევა დაიწყეს, რასაც მოსახლეობა პროტესტით შეხვდა.
აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულია პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ოფისი.
_ მოვიდნენ დღეს და დაიწყეს წინ ბორდიურის ნგრევა. აქ განთავსებულია“ ქართული ოცნების“ ოფისი და აკეთებენ მანქანის მისასვლელს. მაგათ კომფორტის გამო ჩვენ ეზო არ უნდა გვქონდეს? ფეხით ორი მეტრის გავლაც არ უნდათ. აქ ბავშვები თამაშობენ, გაივსება მანქანები და ბავშვებს რა ვუყოთ? თუ რამის გაკეთება უნდათ, ეზო გაალამაზონ, პარკი გაუკეთონ ამ ბავშვებს! გასაკეთებელი ვერ ნახეს ოზურგეთში და ბორდიურს ანგრევენ? რატომ ანგრევ? იმიტომ, რომ შენი კომფორტის გულისთვის ორი ნაბიჯი არ გადადგა? _ ვუთხარით, ვინც იყო მოსული დასანგრევად, არ დაგანებებთ,-თქო და წავიდნენ, _ გვითხრეს ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლებმა.
როგორც ისინი “გურია ნიუსთან” ამბობენ, განცხადებით მიმართეს მუნიციპალიტეტის გამგეობას ბინის მოწესრიგების მოთხოვნით, თუმცა, ჯერ რეაგირება არ მომხდარა:
_ შევიტანეთ განცხადება გამგებლის სახელზე. ბინა ძალიან ავარიულ მდგომარეობაშია. სავალალო და სამარცხვინო ხელისუფლება რომ გვყავდა, იმის დროსაც დავწერეთ განცხადება, არც მაშინ მოჰყოლია არანაირი შედეგი და ახლაც იგივე მეორდება იგივე. ამის თქმის არ გვეშინია _ არც ახლა გვაქცევს ვინმე ყურადღებას.
_ რას ითხოვთ?
_ ბინას ძირი აქვს გამოთხრილი, ქვეშ გადის მდინარე და ბინას საძირკველი ეშლება. ყველა მხრიდან შემოდის წყალი ოთახებში. ყველა ბინა გადახურეს, ჭირდებოდა გადახურვა თუ არა და ჩვენ დაგვტოვეს. წინასაარჩევნოდ დაგვპირდნენ ფასადს შევაკეთებთო, მაგრამ არც ის გაგვიკეთეს. ვიფიქრეთ ახალი ხელისუფლება მოვიდა და გვეშველაო, მაგრამ გაკეთების მაგივრად ბორდიურს გვინგრევენ. გადათხარეს ეზო, გავაკეთებთო და ნახეთ რა მდგომარეობა _ წყალი ანგრევს ყველაფერს. დააფიქსირეთ ეს ყველაფერი, ძალიან გთხოვთ, _ გვთხოვდნენ ბინის მცხოვრებლები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე ამ ფაქტთან დაკავშირებით მოკლე კომენტარს აკეთებს:
_ მიმდინარეობს ქალაქის იერსახის მოწესრიგება. თუ რომელიმე ბორდიური არ ექვემდებარება შეღებვას, ის დაინგრევა და უკეთესი გაკეთდება. რაც შეეხება ბინის მოწესრიგებას და გადახურვას, არანაირი განცხადება არ დევს მაგ ბინის მცხოვრებლებისგან გამგეობაში. ყოველ შემთხვევაში, ვერ ვიხსენებ, _ გვითხრა შარაშენიძემ.