ამ საკითხებთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე საუბრობს.
_ოზურგეთში, კარვებთან დაკავშირებით გეტყვით ჩემს აზრს, მე მაქვს ჩემი გვერდი “მარად ოზურგეთში” (“ფეისბუქის” გვერდს გულისხმობს), იქ დავდე სპეციალურად გამოკითხვა, _ შეწყდეს თუ გაგრძელდეს აქცია. დამეთანხე, რომ მე შემიძლია, სიტყვაზე ვამბობ, მე რომ ანგაჟირებული ვიყო და მინდოდეს მარტო იმ აზრის მოსმენა და იმ აზრის დაფიქსირება, რაც მე მაწყობს, მაშინ საერთოდ არ დავდებდი, ამ შეკითხვას, ან თუ შევატყობდი ტენდენციას, ავდგებოდი და წავშლიდი, ხომ ასეა? ეს არ გამიკეთებია. მე მაინტერესებდა საზოგადოების აზრი, იქ ბევრი წერს, რომ ამათგან უმეტესობა არის გამგეობის თანამშრომლები, მერე რა იყოს, თუნდაც გამგეობის თანამშრომლები, იმათაც ხომ აქვთ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება? მე არცერთ შემთხვევაში არ მინდა ჩემი აზრი მოვახვიო თავს იმ ადამიანებს, ვინც ზის გამგეობის წინ, მაგრამ მე ასე ვხედავ, რომ მაგათ რაც ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ, ის დაკმაყოფილებულია..
_ისინი კატეგორიულად ითხოვენ გადადგეს ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია?
_არა, ეს ასე არ არის, ისინი მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება და ეს ძირითადი მოთხოვნა შესრულებულია. გამოძიება დაწყებულია, ჩემი აზრით, აქედან უნდა გამოიტანონ შესაბამისი დასკვნა და არა პრესით და ზეწოლით, გულწრფელად გეუბნებით ამას, რომ როცა ითხოვენ თანამდებობის პირის გადაყენებას, ჯერ ერთი მე ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სცენები ამ პროცესებს ხელს არ შეუწყობს..
_ ანუ, თქვენ მომხრე ხართ იმისა, რომ აქცია დაიშალოს?
_ ასე ნუ დავაყენებთ საკითხს, ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოხატვის თავისუფლება, მე პატივს ვცემ ყველა მათგანს, ვინც დღეს გამგეობის წინ დგას…
_ ბატონო ზვიად, მაშინ ასე გკითხავთ, როდემდე უნდა გაგრძელდეს აქცია, ისინი დაშლას არ აპირებენ.
_არ ვიცი, თვითონ უნდა გამოიტანონ დასკვნები რა უნდა გააკეთონ. მე, მაგალითად, საზოგადოებასთან ურთიერთობის იმ დამატებითი საშუალებებით რაც გამაჩნია, შევეცადე ეს აზრი ასე დამეფიქსირებინა: 1500 კაცია იმ ჯგუფში, ხომ ყველას ჰქონდა უფლება მიეღო მონაწილეობა? უმრავლესობამ ასე გადაწყვიტა, შეწყდეს აქცია..
_ ბატონო ზვიად, საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ აქცია უშუალოდ თქვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით ტარდება..
_დაგეთანხმებით, _ვიცი, რომ ამას ზოგი სპეციალურად ავრცელებს, მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, ამ აქციის ორგანიზაციასთან არანაირი კავშირი არ გამაჩნია და ამას შესაბამისად ვერც ვერავინ დაამტკიცებს.
დაფინანსებული რა აქვთ? ნამდვილად არ ვიცი ვინ აფინანსებს, მე გეტყვით ერთს, თქვენ ხართ ჟურნალისტი და გამოიკვლიეთ. ვიცი რა ჭორებიც ვრცელდება. მე ამ ადამიანებს ვერანაირად ვერ ავუკრძალავ დაშალონ აქცია, თუმცა მე მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ადეკვატური მოქმედება. ის რომ არჩევნების დღეს ამ ადამიანებმა გამოხატეს პროტესტი, ჩემთვის იყო აბსოლუტურად გასაგები, იმიტომ, რომ მე თვითონ გამოვთქვი პროტესტი და იმავე დღეს გავაკეთე შესაბამისი განცხადება, დამალვა ჩემთვისაც იყო შეუძლებელი, ცოტა მოგვიანებით მივცემ შეფასებას იმ მოვლენებს, რა მოხდა იმ დღეს და ამას გეტყვით აუცილებლად . ჯერ კიდევ რაღაცებს ვსწავლობ და რაღაც ინფორმაციებს ვაგროვებ. მომდის ეს ინფორმაციები საკრებულოს ცალკეული წევრებისგან, რაც უფრო დრო გადის, მით მეტი ინფორმაცია მაქვს.
_ ანუ თქვენ გულისხმობთ, რომ დეპუტატებზე კოტე შარაშენიძემ მოახდინა ზეწოლა?
_ კოტეს, რომ ავთანდილ სურგულაძე უნდოდა, ეს ჩვენ ვიცით და ყველამ იცის, ბევრი საუბრობს, რომ იყო განსაკუთრებული ზეწოლები, არა მარტო კოტეს მხრიდან, არამედ ამაში სხვებიც იყვნენ ჩართულნი.
_ დაგვიკონკრეტეთ, სხვას ვის გულისხმობთ?
_მე თუ მყარი არგუმენტები არ მექნა, ისე ვერ ვისაუბრებ, კოტეზე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუმცა იმ სხვას ვსწავლობ და ამიტომ ვერ განვაცხადებ ჯერ ვერაფერს, მაგრამ ამაზე საუბარს აუცილებლად გავაგრძელებ.
_ბატონო ზვიად, თქვენ გექნებათ ზუსტი ინფორმაცია ალბათ მუნიციპალიტეტის გამგებლის შესახებ, ამბობენ, რომ მას ძალიან მალე გაათავისუფლებენ.
_მოდით, ეს კოტეს კითხეთ, მასზე უკეთესად ეგ არავინ არ იცის. ეცოდინება მას, როგორ აქვს საქმე..
_ კოტე აცხადებს, რომ მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ყველაფერი რიგზეა, ის წასვლას არსად აპირებს, მისი თქმით, დანაშაული არ ჩაუდენია..
_ჰო და ჰკითხეთ და დაუჯერეთ კოტეს, მე ვერაფერს ვერ გეტყვი, არ ვიცი, ისე ერთი რამის მომხრე ვარ, როდესაც ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს, ამ შეკითხვებზე პასუხს ელოდება საზოგადოება. ამიტომ, უნდა გაეცეს ამ კითხვებს პასუხი, ეს კი გამოძიების საქმეა. მე მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა შეწყდეს აქცია, მაგრამ მე მაგათ ჭკუას ვერ ვასწავლი და ეს მინდა, რომ ხაზგასმით დაწერო…
_თქვენი აზრით გამოძიება როგორ წარიმართება?
_ არ ვიცი. არც ვეძიები და არც კი ვიცი ნორმალურად, სად მიდის გამოძიება. პოლიციაში იყვნენ დაბარებულები, ეს ვიცი. მე გეტყვით გულწრფელად, არ ვერევი და არც არავისთან მქონია კონტაქტი, აბა მომიყევით ვინ როგორ დაგკითხათ და რა გითხრათ-თქო. მე ვფიქრობ, რომ თავის საქმეს მიხედავენ შესანიშნავად, რა!
_ბატონო ზვიად, დიმიტრი კვერღელიძე გჭირდებოდათ თუ არა თქვენი პირადი ინტერესებისთვის?
_რატო? დიმა კვერღელიძე იყო კოალიციის მიერ შეთანხმებული კანდიდატი, რომელმაც ვერ მიიღო დე-ფაქტო მხარდაჭერა მიუხედავად იმისა, რომ დიმაც ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა ყველა საკითხი გავლილი დეპუტატებთან და ის ამბობდა, რომ მას ჰქონდა სრული გარანტია მათგან. სამწუხაროდ, ეს საკითხი ჩავარდა, თუმცა ჩნდება ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და ამაზე, როგორც შეგპირდით, აუცილებლად ვისაუბრებ.
_ შეხვდით თუ არა კოტე შარაშენიძეს საკრებულოს სკანდალური სხდომის შემდეგ?
_ კოტეს არ შევხვედრივარ, შევხვდი მხოლოდ დათო დარჩიას და ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, ურთიერთობა კოტესთან იმის შემდეგ არ მქონია..
_ბატონო ზვიად, ერთს გკითხავთ კიდევ: რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც თქვენთან პრობლემებზე სასაუბროდ მოვიდა, განუცხადეთ: ნახეთ გამგებელი მაქაა და ასევე მისი “უფროსი“ ადიკო ივანიშვილი, ამასთან დაკავშირებით კომენტარი, თუ შეიძლება, ანუ კოტე შარაშენიძის უფროსი ადიკო ივანიშვილია?
_ გამგებლის “უფროსი მეგობარი” ადიკო ივანიშვილია. სხვათა შორის, მქონდა ადიკოსთან საუბარი, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მის მიმართ ძალიან დიდი სიყვარულიც გამაჩნია.
_ თუ შეიძლება გვითხრათ, რაზე გქონდათ საუბარი?
_ რა თქმა უნდა, მეგობრობა ყველას გვაკავშირებს და მეგობარი უნდა გყავდეს, აი როგორცაა კოტეს და ადიკოს შორის, კოტეს ადიკოსთან აკავშირებს მეგობრობა, მაგრამ ეს არანაირ საფუძველს არ იძლევა იმისა, რომ პრემიერ მინისტრის ოჯახის წევრები ვატრიალოთ თითზე. ეს გულისწუხილი გამოთქვა ბატონმა ადიკომ ჩემთან, _ ძალიან გთხოვო ჩემი სახელის ხსენება შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდო. ის, რომ ვმეგობრობთ და კარგი ურთიერთობა გვაქვს, ეს არის ერთიო. ახლა შენ ეგ დიქტოფონი გამორთული რომ გქონდეს, უფრო მეტს გეტყოდი… შეიძლება კოტემ სთხოვოს ადიკოს რამე ან ვინმეს დანიშვნა და ადიკომ ეგ გაუკეთოს, მაგრამ ადიკო არ დააძალებს კოტეს ვინმეს სადმე დანიშვნას. ადიკოს ამის მექანიზმები არ გააჩნია.
_ მფარველობს თუ არა კოტეს ადიკო ივანიშვილი?
_ შეიძლება, ბევრს უნდოდეს იყოს ადიკოს სახელის ქვეშ ამოფარებული, _გვითხრა კვაჭანტირაძემ.