რომელიც საზოგადოებაშია. პრემიერის თქმით, დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან, თუმცა, ამას დრო დასჭირდება.
_ ბატონო ბიძინა, ცოტა ხნის წინ, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ “დღეს უამრავი დამნაშავე დადის დაუსჯელი და მაღალ თანამდებობებზეც მოხვდნენ”. ამ საკითხზე ჩვენ წინა ინტერვიუშიც ვისაუბრეთ, თუმცა, არაფერი შეცვლილა _ დღემდე, მაღალ თანამდებობებზე ის ადამიანები ინიშნებიან, რომელთა მისამართით უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. კონკრეტული გვარ-სახელებით რომ ვისაუბროთ, სულ ცოტა ხნის წინ, იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსად დაინიშნა ზაზა ჩუბინიძე, რომელიც “ნაციონალების”‘ დროს, თანამდებობიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ადამიანებს აგინებდა, კაბინეტში იარაღს ისროდა, საქმეებს “ნასედკების” დახმარებით ქმნიდა… ამ ყველაფრის მტკიცებულებების შემდეგ, რომელიც “გურია ნიუსმა” ჯერ კიდევ 2006 წელს გამოაქვეყნა, ის თანამდებობიდან გაუშვეს და სისტემაში მუშაობა აუკრძალეს. თქვენმა ხელისუფლებამ კი ძალიან მაღალი პოსტი ჩააბარა. ამას ყბადაღებულ კოჰაბიტაციასაც თუ დავუმატებთ, ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი…
_ მე კონკრეტულ პიროვნებებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით ჩემს დამოკიდებულებას _ ვერც პოლიციაში, ვერც პროკურატურაში, ვერც სასამართლოში დიდი რაოდენობით კადრები ვერ შეიცვლება. ეს შეუძლებელია. რაც შეეხება კოჰაბიტაციას, მე ამის შესახებ რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება. უმრავლესობასთანაც მქონდა შეხვედრა და დამატებით მოვუწოდე საზოგადოებას, რომ უნდა მოვახერხოთ და ჩავაცხროთ ხელჩართული ბრძოლის ის მუხტი, რაც არის. რა თქმა უნდა დამნაშავეები დაისჯებიან, თუმცა, ამას დროს დასჭირდება.
_ თუმცა, ადამიანები, რომელთა მისამართით, როგორც გითხარით, ბევრი კითხვა არსებობს, თქვენს ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან…
_ ჩვენ უნდა შევეცადოთ და გადავიტანოთ აგრესიის მუხტი. სიძულვილის მუხტი საზოგადოებაში უნდა ჩაცხრეს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და უმცირესობიდანაც, მათ რიცხვში, შევინარჩუნოთ აბსოლუტური უმრავლესობა _ ვისაც სურვილი გაუჩნდება, რომ ჩადგნენ საკუთარი სამშობლოს სამსახურში და არა ისე, გაუგებრად, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ერთმანეთი ვლანძღოთ. ეს დამოკიდებულება მინდა, რომ თქვენც გაიზიაროთ, ჩემმა საყვარელმა გურიამაც. გურულები პოლიტიკოსები არიან ყველანი. ძალიან გთხოვდით და გეტყოდით _ იმდენი ადამიანია გამოყენებული არჩევნების დროს, პოლიტიკური ბატალიების დროს, რომ შეიძლება საუკეთესო ვერ გამოვძებნე, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, რომ ჩვენ, პირველად, უნდა მოვახერხოთ და ჩავატაროთ ღირსეული არჩევნები. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო რესურსი მხოლოდ ერთ კანდიდატს მოხმარდეს. აი, ამაზე უნდა გადავერთოთ და ამაში თქვენც, მედიაც უნდა ჩაერთოს _ ეს არის ჩემი თხოვნა. თუმცა, სხვა საკითხები, რომლებიც თქვენ გაწუხებთ, აუცილებლად იქნება შესწავლილი და გათვალისწინებული.
_ ოზურგეთში მიმდინარე აქციის შესახებ, რომლის მონაწილეების გამგებლის გადადგომას ითხოვენ, თუ გაქვთ ინფორმაცია?
_ კი, საქმის კურსში ვარ.
_ და რას ფიქრობთ, მით უმეტეს, როცა მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ ოზურგეთის გამგებლის “უფროსი მეგობარი” თქვენი ძმაა. თუმცა, ფრაზას _ “უფროსი მეგობარი” ის ბრჭყალებში სვამს. თქვენ გვითხარით, რომ თქვენი ძმა არ ერევა პოლიტიკაში. არადა, არც ოზურგეთელები და როგორც ჩანს, არც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ასე არ ფიქრობენ…
_ მეგობრობა საქართველოში არ ისჯება და ის ყოველთვის იყო სიმბოლო. ამას ნუ გამოეკიდებით _ ის, რომ გამგებელი ჩემი ძმის მეგობარია, არ არის დანაშაული. გეტყვით დაზუსტებით, რომ ჩემი ძმა, ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი პოლიტიკაში არ ერევა, _ გვითხრა ივანიშვილმა.