საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძეა. მისი განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზი ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა, ამ ფონზე მოსახლეობა უსახლკაროდ რჩება.
“კანონპროექტის მიღების მიზეზია, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ იპოთეკური სესხების დაფარვის შეუძლებლობა, რამაც ათასობით ადამიანის უსახლკაროდ დარჩენა შეიძლება გამოიწვიოს. აღსრულების შეჩერება საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ მსგავსი პრობლემების მქონე პირთა ერთიანი ბაზა და მოვახდინოთ მათი დიფერენცირება,” _ ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
შეგახსენებთ, რომ იპოთეკარების აქცია პარლამენტთან უკვე ჩვეული მოვლენა გახდა. იპოთეკით დაზარალებულები ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და დაბალპროცენტიან კრედიტებს მოითხოვენ ვალების დასაფარად.
აქციის მონაწილეებს გასულ კვირას საკანონმდებლო ცვლილებით დახმარებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გედევან ფოფხაძე დაპირდა, რომელმაც დღეს აღნიშნულ საქმეზე საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა.
ინიციატივის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.