არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს პოლიტმატიმრები დემოკრატიული ფასეულობების გადარჩენისათვის” წარმომადგენლის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, საბოლოო ჯამში დასკვნა რეალურად ასახავს იმ მოვლენებს, რაც 17 მაისს მოხდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გმობს ძალადობას.
“ძირითად პრინციპებზე ჩვენ ვართ შეთანხმებული. მძიმეებს და წერტილებს არ მივდევთ. დასკვნა არის დაბალანსებული და, ასე თუ ისე, ასახავს იმას, რაც 17 მაისს მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტი გმობს ძალადობას და იმას, რომ ვერ შესძლო ერთ-ერთმა ჯგუფმა მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარება. ასევე, დასკვნაში კარგად არის ასახული, რომ, ასე თუ ისე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა ერთი ჯგუფის უსაფრთხოების დაცვა. ასევე მისასალმებელია ის, რომ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთაც მოუწოდეს ხალხს ძალადობისკენ. ზოგადად, მე ვფიქრობ, ამ მხრივ სახელმწიფომ შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულება, რომ დაიცვა აქციის მონაწილეების უსაფრთხოება. შეიძლება, ვერ მოხდა თვითონ აქციის ჩატარების გახორციელება, მაგრამ უსაფრთხოება იქნა დაცული. ესეც მნიშვნელოვანია”, _ განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს პოლიტპატიმრები დემოკრატიული ფასეულობების გადარჩენისათვის” წარმომადგენელმა ლევან გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ამ წუთებში 17 მაისს მომხდარ მოვლენებს განიხილავს, რომელზეც დასკვნა დაიდო და კომიტეტში კენჭი უნდა ეყაროს. სხდომას სასულიერო პირებიც ესწრებიან.