“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელობის ცნობით, ორგანიზაციების “დაიცავი საქართველო” და “ქალები მშვიდობისთვის” ლიდერებმა კახა მიქაიამ და ლალი ანთიამ ზუგდიდის რაიონის სხვადასხვა სოფლებიდან თავიანთი მომხრეების შეგროვება და ზუგდიდისკენ გადმოყვანა დილიდანვე დაიწყეს.
დაპირისპირების საშიშროებასა და პრაიმერის ჩაშლაზე საუბრობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე: “ხელისუფლების ქმედება ეწინააღმდეგება პრემიერის განცხადებებს. სოფლების გამგებლებს დაევალათ, მინიმუმ, 10-10 აქტივისტის მოყვანა. სულ 2 000 კაცი უნდა შეაგროვონ. შესაძლოა, დაპირისპირება პრაიმერიზის დელეგატებსა და იქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს შორის. ამ დროისთვის, მათ ბლოკირებული აქვთ თეატრის შესასვლელი. ზუგდიდში “ქართული ოცნების” აქტივისტებისა და სხვადასხვა არასამთავრობოების მობილიზებას ერთი მიზანი აქვს _ ჩაიშალოს პრაიმერი,” _ აცხადებს საყვარელიძე.
“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელებმა დაპირისპირების წარმოქმნის შესახებ საქმის კურსში უკვე ჩააყენეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, საპატრულო პოლიცია და შინაგან საქმეთა სამმართველოს ზუგდიდის განყოფილება.
გავრცელებული ინფორმაციით, დავით ბაქრაძე უშუალოდ დაუკავშირდა ირაკლი ღარიბაშვილს და არსებული სიტუაცია გააცნო.
ამ წუთისთვის, ცნობილი გახდა, რომ დელეგატები და კანდიდატები თეატრის შენობაში არიან, თეატრის შესასვლელთან და მიმდებარე ტერიტორიაზე კი აქციის მონაწილეები რჩებიან. აქციის მონაწილეებს თეატრის შენობასთან მიტანილი აქვთ ცოცხები, ბარები და ჩანგლები.
პრაიმერიზის მეორე ტური 15 საათზე დაიწყება. ამ დროს აქციის მონაწილეები დელეგატებისა და კანდიდატების სირცხვილის კორიდორში გატარებას გეგმავენ.