კობახიძე საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, რომ პასუხი მოთხოვონ თავიანთ პრეზიდენტს, მაშინ, როცა ხელს იშვერს პარტნიორი ქვეყნის _ აშშ-ს წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ 26 მაისის აქციის დარბევას ამერიკელი ძალოვნები ადევნებდნენ თვალს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ეს განცხადება მერაბიშვილის კიდევ ერთი დაკითხვის საბაბს იძლევა და მასთან ერთად სააკაშვილიც უნდა დაიკითხოს.
“არ შემიძლია პრეზიდენტის გამოსვლას არ გამოვეხმაურო. მას შეუძლია ღრმა სიცრუის ტირაჟირება. რაც სააკაშვილმა განაცხადა _ როცა მან თქვა, რომ 26 მაისის აქციის ორგანიზება და დაშლა, ამერიკის ფედერალური ბიუროს თანამშრომლების თვალწინ მოხდა და ამერიკელი ძალოვნები ჩართული იყვნენ ამაში, ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო განაცხადი. მე არ მიკვირს ეს სააკაშვილისგან, როცა ათას ტყუილს იძახის, მაგრამ, იქნებ, პასუხი მოთხოვოთ თქვენს პრეზიდენტს _ რატომ იშვერს ხელს ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ? მე ვფიქრობ, პრეზიდენტის ეს ბოლო განცხადება არის საფუძველი, დამატებით დაიკითხოს მერაბიშვილი და მასთან ერთად სააკაშვილი,” _ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.