ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსთან” თავად ვადაჭკორიამ დაგვიდასტურა:
_ კი, ბატონო, ვინიშნები ფოთის სუს-ის სამსახურის უფროსად. გიდასტურებთ, უკვე გადაწყვეტილია, _ გვითხრა ვადაჭკორიამ
_ ბატონო კახა, თქვენ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გურიის სამსახურის უფროსად მაისში დაინიშნეთ და სულ რაღაც, ორი თვე ეწეოდით ამ საქმიანობას. რამ განაპირობა თქვენი დაწინაურება?
_ აბა, რა ვიცი, ამაზე როგორ გიპასუხებთ? სახელმწიფო სამსახურია და შესაბამისი ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებებს. მე ვერ გაგცემთ პასუხს.
“გურია ნიუსი” კახა ვადაჭკორიას შესახებ უკვე რამდენიმეჯერ წერდა. ჩვენი ინფორმაციით, ის გასულ წლებში ძალოვან სტრუქტურაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. იყო უშიშროების თანამშრომელი ჩოხატაურსა და ოზურგეთში; მოკლე დროით ოზურგეთის პოლიციის უფროსი; ასევე, ფოთის უშიშროებაში უფროსის მოადგილე; მუშაობდა გორის საფინანსო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ფოთის საფინანსო პოლიციის უფროსად.
აღსანიშნავია, რომ კახა ვადაჭკორია, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბოლო წლებში აქტიურად ერეოდა წინასაარჩევნო პერიოდში გაჩაღებულ მუშაობაში, წინა ხელისუფლებისთვის ხმების შესაგროვებლად. ამ ინფორმაციას თავად ვადაჭკორია “გურია ნიუსთან” არ ურყოფდა და აღნიშნავდა, რომ მისი მეუღლე იყო სახელმწიფო მოხელე და საპარლამენტო არჩევნებში მიკროკოორდინატორად მუშაობდა.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გურიის სამსახურის უფროსმა კახა ვადაჭკორიამ თავისი დებიუტი მედიასთან კონფლიქტით დაიწყო, როცა საჯარო სივრცეში ჟურნალისტს ფოტოს გადაღებაში ხელისშეშლა დაუპირა. თუმცა, მასთან დღევანდელი საუბრის შემდეგ, იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში მას მედიასთან კონსტრუქციული ურთიერთობა ექნება.