“2013 წლის 11 ივლისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე, “მცირემიწიან ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ტრაქტორების შეძენისათვის განკუთვნილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეში ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ განაცხადა, რომ სასურველი ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომელთა მიერ მასზე სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზემოქმედება.
აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და, საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომლის წინაშეც პირველ ეტაპზე დაისვა ორი ძირითადი საგამოძიებო ამოცანა, სახელდობრ:
წარმოადგენდა თუ არა ივანიაძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ცრუ ჩვენებას და მეორე, დარღვეული იყო თუ არა მისი მოპოვებისას საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესები.
გამოძიების შედეგად ამომწურავად გაეცა პასუხი ორივე კითხვას, კერძოდ, უდავოდ დადასტურებულია, რომ ტრაქტორების შესყიდვის საქმეზე ივანიაძის მიერ გამოძიებისათვის ჩვენება მიცემულია საკუთარი ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში, დამოუკიდებლად, უშუალოდ მისი სურვილით, ყოველგვარი კანონსაწინააღმდეგო ზეგავლენის გარეშე და, მასში ასახული ყველა ფაქტობრივი გარემოება შეესაბამება სიმართლეს. მათი ნამდვილობა და უტყუარობა კი, ამ ჩვენებისაგან დამოუკიდებლად დადგენილია ათეულობით მოწმის ჩვენებებით, ამოღებული დოკუმენტებით, ნივთიერი, მათ შორის ვიდეო და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ივანიაძის ჩვენება თავისი შინაარსით აღიარებითი და მამხილებელია და, დანაშაულის საბოლოო გახსნა, ცალსახად განპირობებული იყო სწორედ მისი თანამშრომლობით. ჩვენებაში დაფიქსირებული მონაცემები არსებითად ახალი და განსხვავებულია იმ მომენტისათვის არსებული საგამოძიებო ვერსიისაგან, რითაც ეჭვგარეშე დასტურდება, რომ ამ ინფორმაციის მატარებელი იყო პირადად ივანიაძე და არა გამომძიებელი ან პროკურორი.” _ ნათქვამია პროკურტურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროკურატურის არგუმენტები ასეთია:
პირველი – ადვოკატების აცილება მოხდა ივანიაძის დაჟინებული თხოვნით და არა ვინმეს მხრიდან იძულების შედეგად. ივანიაძის აზრით, ადვოკატები მისი კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ;
მეორე _ ივანიაძემ გამოძიებას მიაწოდა მანამდე უცნობი ინფორმაცია შესყიდვის კომისიის კონკრეტულ წევრთა მხრიდან კომპანია “ზეტორის” გამარჯვებაში ანგარებითი დაინტერესების თაობაზე, აგრეთვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების იმ კორუფციული სქემებისა და ჩანაფიქრების შესახებ, რომელთა განხორციელება აღიკვეთა მხოლოდ მათი დაკავების გამო;
მესამე _ ივანიაძემ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი არამარტო ღია თანამშრომლობაზე, არამედ მანვე საკუთარი ინიციატივით გამოხატა მზადყოფნა, მონაწილეობა მიეღო დამნაშავე პირთა მხილებისათვის წარმოებულ ფარულ ოპერატიულ ღონისძიებებში;
გამოძიებით აგრეთვე მთლიანად გამოირიცხა, რომ ივანიაძის მიმართ განხორციელდა რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან.
პროკურატურის განცხადებას, მეორე დღესვე მოჰყვა შსს-ს განმარტებები, ვიდეომასალები და ახალი ბრალდება.
2013 წლის 23 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე კომპანია “ზეტორის” საქართველოს წარმომადგენლობის მენეჯერს, ბრალდებულ გივი ქაიხოსროშვილს წარედგინა ახალი ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში წაქეზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წაქეზების, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და ექსპერტებზე ზემოქმედების განხორციელებისათვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ბრალდების წარდგენას საფუძვლად დაედო საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგი, რომელიც ჩატარდა შპს აგრარული უნივერსიტეტის საცდელი ბაზების სართიჭალის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე 2013 წლის 17 ივლისს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად: “ZETOR PROXIMA POWER 120” მარკისა და “NEW HOLLAND TD5 110” მარკის ტრაქტორების ურთიერთშედარებით დადგინდა, რომ ექსპერიმენტის ოთხივე კომპონენტში, რაც მოიცავდა: საცდელი ხნულების გატარებას, მიწის მოხვნას, ხნულების სიღრმესა და მოხვნის დროს “NEW HOLLAND TD5 110” მარკის ტრაქტორმა მოიპოვა აბსოლუტური უპირატესობა. ექსპერიმენტის მიმდინარეობამ, რომელშიც მონაწილეობდნენ გამოცდილების მქონე მექანიზატორები, ცხადყო, რომ “ZETOR PROXIMA POWER 120” მარკის ტრაქტორმა შეფერხებით შეასრულა მიწის სამუშაოები.
შსს-ს მტკიცებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგები გამყარებულია მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით.
ექსპერიმენტში მონაწილე “NEW HOLLAND TD5 110” მარკის ტრაქტორი, იმ ტრაქტორების გაუმჯობესებული მოდელია, რომელიც 2001-2002 წლებში, დავით კირვალიძის მინისტრობის პერიოდში იქნა შესყიდული სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.
ხოლო, “ZETOR PROXIMA POWER 120” მარკის ტრაქტორი სწორედ ის მარკაა, რომლის საქართველოს ბაზარზე შემოყვანას უკვე 2012 წლის ბოლოს ერთობლივად ლობირებდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები და შპს “მექანიზატორის” ხელმძღვანელები, ხოლო ჩეხური კომპანიის წარმომადგენლობას საქართველოში ხელმძღვანელობდა შპს “მექანიზატორის” დირექტორთან – ვაჟა ნახუცრიშვილთან დაახლოებული პირი – ბრალდებული გივი ქაიხოსროშვილი.
“ZETOR-ის გამარჯვების უზრუნველსაყოფად, სწორედ ვაჟა ნახუცრიშვილმა და გივი ქაიხოსროშვილმა, ურთიერთშეთანხმებულად და მიზანმიმართულად შეაცვლევინეს “ზეტორის” სათაო ოფისის წარმომადგენლებს თავისუფალი წვდომის ინტენეტ–რესურსზე გამოქვეყნებული მახასიათებლები და ხელოვნურად გააზრდევინეს ტრაქტორის ცხენის ძალა იმ ნიშნულამდე, რომელიც, მინისტრის ბრძანებით შექმნილი და ნდობით აღჭურვილი პირებით დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა ზეტორის სასარგებლოდ მიზანმიმართულად განსაზღვრეს.” _ ნათქვამია განცხადებაში.
საიაში აცხადებენ, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც “მცირემიწიან ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ტრაქტორების შეძენისათვის განკუთვნილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეში ბრალდებულმა პირებმა გამოძიებისათვის სასურველი ჩვენების მიღების მიზნით მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრეს. ჯერ კიდევ 4 მაისს ბრალდებულების სასამართლოში პირველი წარდგენისას ყველა მათგანმა პროცესზე ზეწოლის შესახებ ღიად განაცხადა. ამ ფაქტზე მაშინ გამოძიება არ დაწყებულა. ამის შემდეგ, 12 მაისს, როდესაც საიას წარმომადგენელი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში პირველად შეხვდა ამ საქმეში ბრალდებულებს, მათ მაშინაც განაცხადეს ზეწოლის შესახებ, რის საფუძველზეც საიამ გააკეთა საჯარო განცხადება, რაც მედიით გავრცელდა.
“ეს ინფორმაცია პროკურატურისთვის იმთავითვე ცნობილი იყო. თუმცა, ზეწოლის ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო არა დაუყოვნებლივ, როგორც მას კანონმდებლობით ევალებოდა, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც 11 ივლისს საიაში ჩატარებულ პრესკონფერენციას ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურამ ყურადღება მიაქცია არა თავად ზეწოლის ფაქტს, როგორც დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებას, არამედ საზოგადოების გამოხმაურებას.
22 ივლისს პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში არსებული ურთიერთშეუსაბამობები ადვილი შესამჩნევია. პრესრელიზში მითითებულია, რომ მამუკა ივანიაძის ჩვენების “ნამდვილობა და უტყუარობა კი, ამ ჩვენებისგან დამოუკიდებლად დადგენილია ათეულობით მოწმის ჩვენებებით, ამოღებული დოკუმენტებით, ნივთიერი, მათ შორის ვიდეო და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით”. ამ ციტატიდან რამოდენიმე წინადადების შემდეგ პრესრელიზში განსხვავებულ აღწერილობას ვხვდებით: “ჩვენებაში დაფიქსირებული მონაცემები არსებითად ახალი და განსხვავებულია იმ მომენტისათვის არსებული საგამოძიებო ვერსიისაგან, რითაც ეჭვგარეშე დასტურდება, რომ ამ ინფორმაციის მატარებელი იყო პირადად ივანიაძე და არა გამომძიებელი ან პროკურორი”. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: თუ პროკურატურას უკვე ჰქონდა მ.ივანიაძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და მისი ჩვენების ნამდვილობა დასტურდება “ათეულობით მოწმის” ჩვენებით და “სხვა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით”, მაშინ იგივე ჩვენება როგორ არის “არსებითად ახალი და განსხვავებული”?! _ აცხადებენ საიაში.
პრესრელიზში მითითებულია, რომ ჩვენების მიღების მიზნით პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ერთ-ერთი ამოცანა იყო იმის განსაზღვრა, “წარმოადგენდა თუ არა ივანიაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ცრუ ჩვენებას”. იქვე მითითებულია, რომ გამოძიებით ამ საკითხს “ამომწურავად გაეცა პასუხი”. პრესრელიზის დასასრულს კი აღნიშნულია, რომ, “ივანიაძის მხრიდან ცრუ დასმენის დადასტურების შემთხვევაში მიღებულ იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება”.
როგორც საიაში განმარტავენ, პრესრელიზის თანახმად გამოდის, რომ უდავოდ დადასტურდა ის, რაც ჯერ კიდევ არ დადასტურებულა (?!).
“რაც შეეხება ვიდეო კადრებს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რაც არაპროფესიონალის თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ვიდეო მასალა უწყვეტ რეჟიმში არ არის მოწოდებული და დამონტაჟებულია. ამასთან, მ.ივანიაძის განცხადებით, როდესაც ჩვენების მიღების მიზნით მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა, პროკურორი გიორგი დავითაშვილი მას ეუბნებოდა თუ რა სახის ჩვენება უნდა მიეცა, რასაც მ.ივანიაძე იმეორებდა. მისი განცხადებით, ეს იყო ზეწოლის მთლიანი პროცესის შემადგენელი ერთ-ერთი ეპიზოდი და მასთან პროკურორი დაახლოებით 4-5 ჯერ შევიდა, აქედან 2-ჯერ ღამის საათებში.
ფაქტია, რომ ვიდეო გადაღება მოხდა ფარულად, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. როგორც ჩანს, კამერა თავად პროკურორ გიორგი დავითაშვილს ჰქონდა დამონტაჟებული ტანსაცმელზე. შესაბამისად, გასარკვევია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ჰქონდა თუ არა პროკურატურას სასამართლოს ნებართვა ფარული ჩანაწერის განსახორციელებლად. სასამართლოს ნებართვის არარსებობის შემთხვევაში, იმ პირთა ქმედებაში, ვინც ფარული ჩანაწერის გაკეთება დაგეგმა ან/და განახორციელა, დანაშაულის ნიშნები იკვეთება.” _ აცხადებენ საიაში.
მ.ივანიაძის განცხადებით კი, საიაში 11 ივლისს ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ, მის სახლს სისტემატურად უთვალთვალებენ სხვადასხვა პირები, რის გამოც მისი ოჯახის წევრები, მათ შორის არასრულწლოვანი შვილები, მუდმივ სტრესში არიან. ქალაქში გადაადგილების შემთხვევაში მ.ივანიაძეს დაჰყვებიან ავტომანქანებით და უთვალთვალებენ. 18 ივლისს პროკურატურაში დაკითხვაზე წასვლისას მის ავტომანქანას უცხო პირები ავტომანქანით აედევნენ და პროკურატურამდე მიჰყვნენ. ამის თვითმხილველი საიას ადვოკატი მაია ხუციშვილი გახდა, რომელიც მ.ივანიაძესთან ერთად ავტომანქანაში იმყოფებოდა. თვალთვალის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირდა 18 ივლისს მ.ივანიაძის დაკითხვის ოქმში, სადაც მიეთითა ავტომანქანების ნომრები და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნები. ასევე ოქმში მიეთითა, რომ არსებობდა თვალთვალის დამადასტურებელი ვიდეო მასალა, რაც გამოძიებას დაინტერესების შემთხვევაში მიეწოდებოდა. თუმცა, საიას თქმით, გამოძიება ამ ინფორმაციით არ დაინტერესებულა.
“ზეწოლად და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებად უნდა შეფასდეს ის ფაქტები, რასაც მ.ივანიაძის პროკურატურაში მორიგი გამოძახების შემდეგ ჰქონდა ადგილი. საგამოძიებო მოქმედების პროცესში ოთახის კარი შემოაღო უცნობმა პირმა და გამომძიებელ გიორგი ლომთაძეს სთხოვა გარეთ გამოსულიყო. გამომძიებელი დადგა კარის ზღურბლთან, რა დროსაც მ.ივანიაძის და საიას ადვოკატის გასაგონად უცნობმა პირმა გამომძიებელს უთხრა: “იქნებ იმათ დაურეკო და უთხრა, რომ ქუჩაში არ დააკავონ, მაინც ყოფილი მინისტრია”. რამოდენიმე წუთის შემდეგ იგივე პირი კვლავ მოვიდა და კვლავ იგივე სიტყვები ოთახში მყოფ პირთა გასაგონად უთხრა გამომძიებელს. საიას ადვოკატმა ამ ფაქტის შენიშვნის სახით ოქმში დაფიქსირება ითხოვა, რაზეც გამომძიებლის უარი მიიღო. აღნიშნულის შემდეგ, დაკითხვის ოქმს მ.ივანიაძემ და ადვოკატმა ხელი არ მოაწერეს. წამოსვლამდე გამომძიებელმა მ.ივანიაძეს განუცხადა, რომ თუ ეტყოდა თუ რატომ და ვის გამო შეცვალა ჩვენება, გარანტიას გაძლევთ, რომ არ დაგაკავებთო.”
საიას წარმომადგენლები, რომლებიც საქმეში არიან ჩართულები, მიიჩნევენ, რომ პროკურატურის თანამშრომელთა ქმედებები ამ საქმეში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებს გასცდა და ძიება მიმდინარეობს იმ მეთოდებით, რომლებიც, შესაძლებელია, თავად შეიცავდნენ დანაშაულის ნიშნებს.
“ჩვენთვის გასაგებია ის გარემოება, რომ პროკურატურაში კვლავ არიან ის პირები, რომელთა ქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით წინა წლებშიც არსებობდა კითხვები. თუმცა, ცხადია, რომ ეს გარემოება ვერ გახდება მსგავსი ქმედებების გამართლების საშუალება. მაგალითად, ის პროკურორი, რომელიც 2013 წლის 22 ივლისს პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე დამაჯერებლად უხსნიდა საზოგადოებას, რომ ივანიაძეზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა, 2012 წლის 22 ივნისს, ასევე იმ საქმეში, სადაც საიას ადვოკატები იყვნენ ჩართულნი, იმავე დამაჯერებლობით უხსნიდა საზოგადოებას, რომ შპს “გლობალ კანტაქტ კონსალტინგი” ანტენების გადაცემის მეშვეობით ამომრჩეველთა მოსყიდვას აწარმოებდა”, _ აცხადებენ ახალგაზრდა იურისტები.