კობახიძის თქმით, მაჟორიტარებს ხშირად უწევთ გადასცდნენ თავიანთ მოვალეობებს, რადგან მოსახლეობა მათ ნებისმიერ საკითხზე მიმართავს და დახმარებას თხოვს. თუმცა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი აქვე აღნიშნავს რომ მაჟორიტარებმა კარგად უნდა აუხსნან საკუთარ ამომრჩეველს, თუ რისი უფლება გააჩნიათ მათ და რა კუთხით შეუძლიათ დახმარების გაწევა. კობახიძე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობები და არ გადაამეტონ თავიანთ ფუნქციებს.
“იმდენად დიდი და ბევრია ჩვენი მოსახლეობის პრობლემები, რომ ხშირად ყველა საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადებებით მიმართავენ მაჟორიტარებს. ზოგჯერ იძულებული ხდება მაჟორიტარი, მის უფლებებს გასცდეს. მაგრამ, ასე, რა თქმა უნდა, არ უნდა ხდებოდეს. მაჟორიტარმა უნდა აუხსნას ამომრჩეველს, თუ რა უფლებები გააჩნია მას კანონით. ისედაც ბევრი საქმეა კანონშემოქმედებით პროცესში, იგივე მაჟორიტარულ ოლქებში. ამიტომ არც ერთი მაჟორიტარის სურვილი არ არის, გადაამეტოს თავის უფლებამოსილებას და ისეთი თემები აიღოს თავზე, რაც მის პასუხისმგებლობებს სცდება. თუ რომელიმე მაჟორიტარი მის უფლებებს სხვანაირად ახორციელებს და დამატებით სხვა მოვალეობებს ითავსებს, ეს რა თქმა უნდა, სწორი არ არის,” _ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.