(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “ძალა ხალხშია _ ხალხმა გაიმარჯვა ტუნისში, ეგვიპტეში, ლიბიაში და საქართველოშიც გავიმარჯვებთ. ნურავინ ელოდება ჩვენს დამარცხებას, ვინაიდან ჩვენ ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე ვაპირებთ”, _ ამ შემართებით იწყებს “სახალხო კრება”, მათივე თქმით, ფართომასშტაბიან აქციებს 21 მაისს.
როგორც “გურია ნიუსთან” საუბარში “სახალხო კრების” აჭარა-გურიის კოორდინატორი მანანა სალუქვაძე ამბობს, აქციების ძირითადი მიზანია, დაანახონ მსოფლიოს, რომ საქართველოში ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას, მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზით, არსებული რეჟიმის “დემონტაჟი” უნდა.
_ ხალხის ნება უნდა აღსრულდეს. ეს არ არის ლიტონი სიტყვები _ ეს საქართველოში მცხოვრები უმრავლესობის სურვილია. მე არ ვამბობ, რომ 21 მაისს მოვა ხალხი და 22 მაისს წავა სააკაშვილი. ესენი ხელისუფლებას ასე მარტივად არ დათმობენ. ამიტომ არის საჭირო ზეწოლა სწორი და კარგი გაგებით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველაფერი კონსტიტუციის ფარგლებში მოხდება. ჩვენ არ დავჯერდებით საკენკს, რომელიც შეიძლება გადმოაგდოს ხელისუფლებამ _ ჩვენ ვიდგებით ქუჩაში მანამ, სანამ საპარლამენტო და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების ნორმალურად ჩატარების შესაძლებლობა არ მოგვეცემა, _ თქვა სალუქვაძემ.