როგორც მომხსენებელმა თქვა, საჯარო სამსახურში გარკვეული თანამდებობის დასაკავებლად შემუშავდა შემდეგი მოთხოვნები:
_ წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება პროფესიული ცოდნის, გამოცდილების, პროფესიული უნარებისა და ზოგადი უნარების სფეროში სავალდებულოა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც თანამდებობათა რანგების მიხედვით მოიცავს:
გამგებლის, გამგებლის მოადგილის, სამსახურის უფროსის, გამგებლის თანაშემწის, განყოფილების უფროსის და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი-რწმუნებულებისთვის _ უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება და შესაბამისი განათლება დასაკავებელი თანამდებობის მიხედვით; გამგეობის მთავარი სპეციალისტისთვის _ უმაღლესი განათლება; გამგეობის წამყვანი სპეციალისტისა და სპეციალისტისთვის _ უმაღლესი/საშუალო განათლება.
რაც შეეხება საკრებულოს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ცოდნასა და გამოცდილების სფეროში, აპარატის უფროსს, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს და საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსს თანამდებობათა რანგების შესაბამისად მოეთხოვება: უმაღლესი განათლება; არანაკლებ 2-წლიანი საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება და შესაბამისი განათლება დასაკავებელი თანამდებობის მიხედვით. მთავარ სპეციალისტს მოეთხოვება: საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება და უმაღლესი განათლება; წამყვან სპეციალისტს და სპეციალისტს _ უმაღლესი/ საშუალო განათლება.
აღნიშნული საკითხის დამტკიცება დღეს უნდა მომხდარიყო, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარემ მომხსენებელს საკითხი უკან დააბრუნებინა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა გადაიდო:
_ ეს საკითხი დიდ გაუგებრობას გამოიწვევს, ამიტომ ჯობს საკითხი დამატებით განვიხილოთ. საქმე ეხება დამატებით და სპეციალურ მოთხოვნებს _ აქ დებატები იყო იმაზე, თუ რა ბეგრაუნდი უნდა ჰქონდეს საკონკურსო კანდიდატს. მაგალითად: ეწერა, რომ რწმუნებულებს უნდა ჰქონდეთ სამწლიანი საჯარო მოხელედ მუშაობის გამოცდილება, რაც ამჟამინდელი რწმუნებულების 90%-ს უკრძალავდა კონკურსში მონაწილეობას. ამიტომაც ამ დოკუმენტს შესაჯერებლად გამოვითხოვ უკან, _ თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიგინეიშვილმა.