დაკვირვებით შევისწავლე აღნიშნული დოკუმენტი და კვლავ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის მტკიცებულებებით გამყარებული საქმე მათ წინააღმდეგ, ვინც ეჭვმიტანილად სცნეს.”
მანანა კობახიძე (პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე): “თომას ჰამარბერგის კომპეტენციასა და ავტორიტეტში ეჭვი არავის ეპარება. ის სწორედ იმიტომ ჩამობრძანდა საქართველოში პრემიერის მოწვევით, რომ რეკომენდაციები მოგვცეს ადამიანის უფლებათა საკითხებში. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჰამარბერგის წერილს პროკურატურამ პასუხი უნდა გასცეს და არგუმენტირებული ფაქტები წარმოადგინოს.
შალვა შავგულიძე (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი): “პროკურატურის ქმედებები რომელიც მედიაში შუქდებოდა და მე ამ ყველაფერს თვალყურს ყურადღებით ვადევნებდი, აშკარად აჩენდა კითხვის ნიშნებს. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ის ფაქტი, თუ როგორ აიცილა ერთ-ერთმა ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ ისეთი კვალიფიციური და გამოცდილი ადვოკატი, რომლის კომპეტენციაში ეჭვი არავის ეპარება. ეს ყველაფერი ძალიან წააგავდა ფოტორეპორტიორების საქმეს, სადაც ზუსტად ასეთივე ფორმით მოხდა ადვოკატის აცილება“
უჩა ნანუაშვილი (სახალხო დამცველი): “ჩვენ ვსწავლობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების ე.წ. “მექანიზატორების” საქმეს და უახლოეს ხანებში დასკვნას გამოვაქვეყნებთ. გარკვეული კითხვის ნიშნები ჩვენც გვაქვს.”
ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ “ტრაქტორების საქმის” სასამართლო განხილვა იწყება. ორი დღით ადრე ცნობილი ხდება პროკურატურის შუამდგომლობის შესახებ, რომლითაც ისინი პატიმრობაში მყოფი კიდევ ორი პირის გირაოთი გამოსვლას მოითხოვენ. პროკურატურის განცხადებით, დაკავებულების მხრიდან აღარ არსებობს გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.
პროკურატურის კეთილი ნება იყო ეს თუ ჰამარბერგის წერილის გამოძახილი, ამ კითხვაზე პასუხს პროკურატურა არ გვცემს…
მეცნიერები გისოსებს მიღმა…
2013 წლის 1 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს, ანუ ყოფილი კუდის თანამშრომლებმა რვა პირი დააკავეს: შპს “მექანიზატორის” გენერალური დირექტორი – ვაჟა ნახუცრიშვილი, მისი მოადგილეები – მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე; სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი – ომარ თედორაძე, ტექნიკურ მეცნიერებათ დოქტორები – ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, თეო ურუშაძე და გივი ქაიხოსროშვილი დააკავეს.
შსს-ს ცნობით შპს “მექანიზატორისა” და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები “სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლისთვის” დააპატიმრეს. სასამართლომ შვიდ მათგანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გირაოს სანაცვლოდ მაშინ მხოლოდ აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიური ფაკულტეტის დეკანი თეო ურუშაძე გაათავისუფლეს.
ამ ფაქტის გამო, 2 მაისს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე თანამდებობიდან გადადგა. მან უფლებამოსილების შეჩერება გამოძიების დასრულებამდე ითხოვა.
დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი სამ მაისს წაუყენა.
ბრალდების მოწმე _ განაწყენებული კონკურენტი და საკუთარი კომპანიის ლობისტი
საიდან “აგორდა” “ტრაქტორების საქმე” და რა მტკიცებულებებს დაეყრდო პროკურატურა? ვინ არიან ის ადამიანები, რომელთა ჩვენებების საფუძველზე ქართველი მეცნიერები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ?
არაოფიციალური ვერსია: როგორც ამბობენ, მთელი ეს საქმე პირად დავით კირვალიძის წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგან მინისტრი კირვალიძე გარკვეული ჯგუფის ბიზნეს ინტერესებს შეეწინააღმდეგა, რომლის გატარებაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშუალებით სურდათ.
რაც შეეხება ოფიციალურ ვერსიას: მტკიცებულებები, რომლითაც პროკურატურა ბრალს ადასტურებს, რამდენიმე მოწმის ჩვენებას ეყრდნობოდა, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა კომპანია “ჯი-თი” გრუპის გენერალური დირექტორი, ლევან გოგსაძე გახლავთ.
“გურია ნიუსის” სამდღიანი მცდელობის მიუხედავად, გოქსაძე კონტაქტზე არ გამოდის. გუშინ გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებაზე გვიპასუხა, _ ხვალ დამირეკეთო. დღეს ისევ არ გვიპასუხა სატელეფონო ზარებზე და უკვე აღარც ტექსტურ შეტყობინებაზე.
“ჯი-თი გრუპი” 2007 წლიდან NEW HOLLAND-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაყიდვის ბიზნესში უკვე შვიდი წელია, აქტიურადაა ჩართული. ტენდერი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაცხადა, მათი ყურადღების ცენტრში მაშინვე მოექცა.
შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილებით, პოტენციურ მომწოდებლებს წარმოადგენდნენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უშუალო მწარმოებლები და მოლაპარაკებები არ წარმოებდა მომწოდებლის ადგილობრივ წარმომადგენლებთან და დილერებთან. სწორედ აქ იკვეთება “ჯი თი” ჯგუფისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინტერესები. როგორც უკვე მოგახსენეთ, “ჯი-თი” NEW HOLLAND-ის ოფიციალური დილერია საქართველოში
კომისიის გადაწყვეტილებით, ტექნიკის გარკვეული ნაწილი NEW HOLLAND-ისგანაც შეიძინეს, 969 600 ევროს ღირებულების, მაგრამ ეს მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ლევან გოგსაძე ტენდენციურ და მიკერძოებულ შესყიდვებზე ალაპარაკდა.
“კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში ის აცხადებს: “ბრალდებულებსა და დაცვის მხარეს არჩეული აქვთ ტაქტიკა, “ჯი–თი გრუპსა“ და “ნიუ ჰოლანდს“ იმიჯი შეულახონ. ამ მიზნით ისინი არ ერიდებიან სიცრუის ტირაჟირებას. ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს თურქული კომპანია უხარისხო ტექნიკას აწარმოებს, რომ “ჯი–თი გრუპი“ სარგებლობდა მაღალჩინოსნების მფარველობით, იყო ბაზრის მონოპოლისტი, ტექნიკას ზემოგებებით ყიდდა და ე.წ. ტრაქტორების საქმე ჩვენი საჩივრის საფუძველზე აღიძრა, რაც სიცრუეა. ამით სურთ მიჩქმალონ გამოძიების დაწყების რეალური მიზეზი“.
გამოძიების დაწყების ერთ-ერთი რეალური მიზეზი სწორედ ლევან გოგსაძის მიერ მიცემული ჩვენება გახლდათ, რაც შეეხება ამ უკანასკნელის განცხადებას იმის შესახებ, რომ “ჯი თი” ჯგუფს მაღალჩინოსნები არ მფარველობდნენ და მილიონიან ტენდერებს საკონკურენციო პირობებში იგებდნენ, აქ უკვე ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება.
ბრალდების მოწმე _ კავშირები და ბიზნესპროექტები გიგი უგულავასთან
“ჯი თი” ჯგუფის ლობისტებად ერთ-ერთი ბრალდებული, მამუკა ივანიაძე თბილისის მერს გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს ასახელებს
“კომპანია, რომლის გენერალური დირექტორიც ლევან გოგსაძეა, 3 წლის განმავლობაში აწარმოებდა ყვითელი ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების შესყიდვებს ტენდერების გარეშე” _ აცხადებს ივანიაძე.
“ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, რომლებსაც ჩვენს ლობისტებად ასახელებენ, პირადად არ ვიცნობთ.” _ პასუხობს ლევან გოგსაძე “კვირის პალიტრაში.”
ბრალდების მოწმე აქ უკვე აშკარად არასწორ “ჩვენებას” იძლევა, რაც დასტურდება ჩვენს მიერ მოპოვებული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.
1. ფოტო, რომელზეც გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილია, “ჯი-თი” ჯგუფის ოფიციალური ვებგვერდის ფოტოგალერიიდანაა აღებული, რომელსაც შემდეგი წარწერა “ამშვენებს” : “საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და თბილისი მერი, გიგი უგულავა, “ფორდ კარგოს” ბაზაზე დამზადებული სახანძრო მანქანების თბილისის მერიისათვის გადაცემის ცერემონიაზე.“
2. ჯი-თი ჯგუფი თბილისის მერიის ფავორიტი კომპანია რომ იყო, ამას იმ პროექტების ჩამონათვალიც მოწმობს, რომელიც ასევე ჯი-თი ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
2007 წელს, “ჯი-თი გრუპმა” თბილისის მუნიციპალიტეტს მიაწოდა ახალი სახანძრო და სამაშველო მანქანები.
2007-2010 წწ. “ჯი-თი გრუპმა” თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურს მიაწოდა ახალი ტიპის ნაგვისშემკრები სატვირთო მანქანები.
2007-2010 წწ. “ჯი-თი გრუპმა” ქ. ბათუმის მერიის დასუფთავების სამსახურს მიაწოდა ახალი ტიპის ნაგვისშემკრები სატვირთო მანქანები.
2010 წელს, თბილისის მერიამ ააშენა კავკასიაში პირველი, ევროსტანდარტების შესაბამისი მუნიციპალური ნაგავსაყრელი. “ჯი-თი გრუპმა” ამ პროექტს მიაწოდა უმაღლესი ხარისხის ევროპული საიზოლაციო მასალები (გეომემბრანა და გეოტექსტილი) და ორი ცალი, ევროპული წარმოების, ნაგვის პოლიგონის კომპაქტორი.
ინფორმაცია, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ არის:
2012 წელს სწორედ “ჯი-თის” მიანდეს 110 ავტომანქანიანი მიწისქვეშა პარკინგის აღჭურვა სპეციალური დანადგარებით, თუმცა ამ პროექტის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
სამაგიეროდ, ცნობილია სხვა პროექტის ღირებულება.
2011 წელს კი “ჯი თის” შვილობილი კომპანია “ჯი-თი” მოტორსი იგებს ტენდერს და აწვდის ქალაქის სატრანსპორტო სისტემას 2400 ერთეულ “FORD TRANZIT” -ის სამარშრუტო ტაქსს. კონტრაქტის მთლიანი ღირებულება 70 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
ძნელად დასაჯერებელია, რომ ამ ღირებულების პროექტებს გიგი უგულავასთან “შემთხვევითი” ადამიანები იგებდნენ.
კომპანიისთვის, რომელიც ამ ღირებულების პროექტებს იყო მიჩვეული, როგორც ჩანს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი 969 600 ევრო დამამცირებლად დაბალი თანხა იყო…
“გარდა ტრაქტორის შესყიდვისა, ასევე დარღვევით წარიმართა მისაბმელების შესყიდვაც. როდესაც სამინისტროს წარმომადგენლებს ვხვდებოდით, მინისტრი არც ერთ შეხვედრას არ დასწრებია. ვერ დავიჯერებ, რომ 70 მილიონზე მეტი ღირებულების ტექნიკის შესყიდვით მინისტრი არ ინტერესდებოდა”. _ აცხადებს ლევან გოგსაძე “კვირის პალიტრასთან”.
საინტერესოა, ვინ ესწრებოდა შეხვედრებს და ვინ აკონტროლებდა 70 მილიონ აშშ დოლარის ტენდერს, რომლის გამარჯვებული სწორედ “ჯი-თი” იყო?!
ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, რადგან ლევან გოგსაძეს ჩვენთან საუბარი არ სურს.
თუმცა, “ჯი-თის” კავშირები თბილისის მერიასთან მხოლოდ ამით არ სრულდება…
“ჯი-თი” გრუპის დამფუძნებელი უგულავას საიდუმლო პროექტში
“ჯი-თი” გრუპის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი თავდიშვილია. ის კომპანიის 33% წილის მფლობელია. აღნიშნული კომპანიის გარდა ის კიდევ რამდენიმე შპს-ს ფლობს. ერთ-ერთი ასეთი “ბალავარი ჯგუფია”, სადაც თავდიშვილი 100 % -იანი მეწილეა.
სწორედ “ბალავარი ჯგუფი” და გიორგი თავდიშვილი გვხვდება ძველი თბილისის გაუმჭვირვალე რეაბილიტაციის ერთ-ერთ საინტერესო სქემაში. სქემის მიხედვით აშკარად ჩანს, რომ თავდიშვილს, რომელიც ამავდროულად “ჯი-თი” გრუპის დამფუძნებელია, ქალაქის ვიცე-მერი დავით ნინიძე ლობირებდა.
ეს ფაქტი სტუდია მონიტორის მიერ რამდენიმე წლის წინ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით ( “ძველი თბილისის გაუმჭვირვალე რეაბილიტაცია”) დასტურდება.
აღმაშენებლის N 140 . ჯერ კიდევ 2 წლის წინ, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებამდე ამ ადგილას აღმაშენებლის 142 ნომრის მიმდებარედ, პატარა სკვერი და პრესის ჯიხური იდგა. რეაბილიტაციის დაწყებიდან მცირე ხანში სკვერი გაქრა და დღეს აქ ეს მდიდრული 4 სართულიანი საოფისე შენობა დგას. უძრავი ქონების მფლობელი გიორგი თავდიშვილი გახლდათ.
“მონიტორი” მეტად საინტერესო ფაქტს წააწყდა. ძებნისას აღმოჩნდა, რომ ამ ადგილთან დაკავშირებით, პროექტში მონიშნული იყო არაოფიციალური წარწერა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში, სავარაუდოდ არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელთა დაუდევრობით მოხვდა: “დავით ნინიძემ (თქვა): დაარეგისტრირეთ ადგილობრივზე და შემდეგ ერთ პიროვნებას უნდა ნაწილი საოფისედ და ნაწილი ავტოსადგომისათვისოოო არ გაიყიდოსო”. შეგახსენებთ, რომ დავით ნინიძე ქალაქ თბილისის ვიცე მერი და იმავდროულად თბილისის განვითარების ფონდის გამგეობის წევრი გახლდათ.
პიროვნება, ვისაც დავით ნინიძე ნაკვეთს უნახავდა. მოძიებული დოკუმენტაციით იგი შპს “ბალავარი ჯგუფის” ერთადერთი დამფუძნებელი გიორგი თავდიშვილი გახლდათ.
აღმაშენებლის რეაბილიტაციის დასრულებამდე 7 თვით ადრე 2011 წლის 18 მაისს თბილისის მთავრობამ დადგენილება მიიღო და ქალაქის ისტორიულ უბანში, აღმაშენებლის გამზირის N 142-ის მიმდებარედ 444 კვ. მ მიწის ნაკვეთი “თბილისის განვითარების ფონდს” შენატანის სახით გადასცა. დადგენილებას თბილისის მერის პირველი მოადგილე ვიცე-მერი დავით ნინიძე აწერს ხელს.
“თბილისის განვითარების ფონდმა” კი 8 აგვისტოს ეს ქონება შპს “ბალავარი ჯგუფს” მოჰყიდა, ხელშეკრულების დადების დროს “ბალავარი ჯგუფი” ერთი თვის დაარსებული იყო. 8 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს “ბალავარი ჯგუფმა” მიიღო 444 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღმაშენებელზე და 78 კვ მ ჩახრუხაძის ქუჩაზე (ძველი კოლმეურნეობის მოდანი, “კონკას” მიმდებარე ტერიტორია). სულ უძრავ ქონებაში გადაიხადეს 536 450 ლარი, ანუ კვადრატულ მეტრში 1030 ლარი. ქონების საფასურის 70%-იანი საფასურის გადახდისთვის შპს “ბალავარი ჯგუფს” ხუთ თვიანი ვადა მიეცა. 2011 წლის 27 დეკემბერს შპს “ბალავარი ჯგუფმა” აღმაშენებლის გამზირის 140-ის მიმდებარედ კიდევ ერთი ნაკვეთი შეიძინა, გამყიდველი ამ შემთხვევაშიც “ბალავარი ჯგუფი” იყო. ფონდმა 136 კვადრატული მეტრი ასევე განვადებით 66 565 ლარად გაყიდა. ამჟამად კვადრატული მეტრის ფასმა მხოლოდ 489 ლარი შეადგინა. თუმცა, გაურკვეველია 5 თვეში რატომ გაიაფდა “თბილისის განვითარების ფონდის” მიერ გაყიდული მიწის ფასი…
“ძველი თბილისის რეაბილიტაცია” კი ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე და საიდუმლო პროექტი იყო, სადაც უგულავას ახლობლები და მისთვის საიმედო ადამიანები ჰყავდა ჩართული.
ასე რომ, გოგსაძის განცხადება იმის შესახებ, თითქოს არავითარი კავშირები არ აქვთ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან და გიგი უგულავა თვალით არ უნახავთ, აშკარად არ ჰგავს სიმართლეს…
“ტრაქტორების საქმეში” სიმართლეს ბევრი რამ არ ჰგავს და პროკურატურას სასამართლოს წინაშე სერიოზული გამოცდა ელის. ცნობილი იურისტების და ექსპერტების ვარაუდით, ამ გამოცდას პროკურატურა ვერ ჩააბარებს…
დღეს, საქმის სასამართლო განხილვა იწყება…