იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია იუსტიციის მინისტრს, ხოლო მთავარი პროკურატურის გენინსპექცია მთავარ პროკურორს დაექვემდებარება.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამიერიდან, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ამოწმებს თუ რამდენად ეფექტურად არის დაცული კანონის მოთხოვნები საკუთრივ სამინისტროსა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების (იუსტიციის სახლი, საჯარო რეესტრი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო, ეროვნული არქივი, ნოტარიუსთა პალატა, საკანონმდებლო მაცნე, დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი, სმართ ლოჯიქი, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, იუსტიციის სასწავლო ცენტრი) თანამშრომლების მხრიდან – მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით. ასევე, სამინისტროს გენერალური ინსპექცია უზრუნველყოფს ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლს, ამოწმებს კერძო აღმასრულებლებისა და ნოტარიუსების საქმიანობის კანონთან შესაბამისობას, ახდენს სამინისტროსა და სსიპ-ებში საფინანსო სამეურნეო საქმიანობის შემოწმებას (საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კონტროლს). ამასთან, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია იძიებს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლების (გარდა პროკურატურის მუშაკისა) მიერ ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებს (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება, განმარტების, ჩვენების და დასკვნის მიცემის იძულება, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა, ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, ზეგავლენით ვაჭრობა, სამსახურებრივი სიყალბე, სამსახურებრივი გულგრილობა, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება).
რაც შეეხება მთავარ პროკურატურაში ახლად შექმნილ გენინსპექციას, ის განახორცილებს ყველა ზემოჩამოთვლილ საქმიანობას პროკურატურის თანამშრომელთა მიმართ; ამიერიდან მხოლოდ ის იქნება უფლებამოსილი შეისწავლოს პროკურატურის თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებული მოქალაქეთა საჩივრები და მისი უფლებამოსილება იქნება სრული მოცულობით გამოიძიოს პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი ნებისმიერი კატეგორიის დანაშაული.