ოფიციალური ცნობით, 1275 ინდმეწარმის წლიური შემოსავალი 50 000 ლარამდე იყო; 88 ინდმეწარმის 50 000-100 000 ლარამდე; 20 ინდმეწარმის 100 000-200 000 ლარამდე; 7 ინდმეწარმის 200 000-250 000 ლარამდე; 4-ის 250 000-300 000 ლარამდე; სამის 300 000-500 000 ლარამდე; ოთხის 500 000 – 1000 000. ხოლო 1 ინდმეწარმის გასული წლის ბრუნვა მილიონ ლარს აღემატებოდა.
ზემოთ აღნიშნულ ჩამონათვალში, ერთ-ერთი ჩოხატაურელი იდნმეწარმე ეკა რამიშვილია, რომლის წლიურმა ბრუნვამ გასულ წელს 206 000 ლარი შეადგინა. ინდმეწარმე რამიშვილის მისამართი ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის #47-ია მითითებული. ამ მისამართზე მაღაზიაა.
თავად რამიშვილი, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ინდმეწარმედ სხვისი თხოვნით გაფორმდა:
_ ერთი წელია რაც დახმარებას ვიღებ. ინდმეწარმეც ვარ, მაგრამ გასაუქმებელი მაქვს, დავანებე თავი. ისე, მე არ ვარ მეწარმე, ობიექტია ჩემს სახელზე გაფორმებული, _ გვითხრა რამიშვილმა.
_ ვინ გააფორმა?
_ ნაბეღლავის მაღაზიაა. უბრალოდ სჭირდებოდათ და ჩემს სახელზე გააფორმეს. ჩემი არაფერია, _ დაგვიკონკრეტა რამიშვილმა.
როგორც გავარკვიეთ, ეკა რამიშვილი სოციალურად დაუცველთან ბაზაში 56450 ქულითაა რეგისტრირებული და ბოლო 6 თვის განმავლობაში მან სახელმწიფოსგან 1188.00 ლარი მიიღო.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით ამ საკითხს შემოსავლების სამსახური შეისწავლის.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ოჯახებს აგვისტოს თვიდან შეუჩერდათ საარსებო შემწეობის გაცემა და უახლოეს პერიოდში განხორციელდება ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება.