როგორც“გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი ორივე მხრიდან არიან ნაცემი და დაშავებული ახალგაზრდები. მძიმედ არის ნაცემი ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ძმა. პანკისის მცხოვრები აიუბ ბორჩაშვილი „გურია ნიუსთან“ ამბობს,რომ კონფლიქტი სოფელში მთვრალი ახალგაზრდების გამოჩენას მოყვა.
„ მატნელი ახალგაზრდები საქეიფოდ ყოფილან ხადორში და ჩამოიარეს მანქანით. გზაში გინება დაუწყიათ: ქისტებო, თქვენი დედაო. ჩვენი ბიჭები გაეკიდნენ და პასუხი მოსთხოვეს შეურაცხყოფისათვის. თითქმის უკვე შერიგებულებიც იყვნენ რომ მატნიდან ახალგაზრდების სხვა ჯგუფი ამოვიდა და ჩხუბი განახლდა. ამ ამბავს შემთხვევით შეესწრო ზვიადაურის ძმა, რომელიც როგორც მე გავიგე საშუალოზე მაგრადაა ნაცემი. ჩვენი ახალგაზრდებიც დაშავებულები არიან, ერთს ნაჯხი აქვს ჩარტყმული“.
როგორც ბორჩაშვილი ამბობს ჩხუბის შემდეგ მატნელებმა გზა გადაკეტეს და პანკისში მიმავალ ტრანსპორტს არ ატარებენ. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო. ჩხუბის დროს დაშავებული რამდენიმე ახალგაზრდა ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ დროისათვის ისინი სახლში აგრძელებენ მკურნალობას.
„ერთი-ორი ახალგაზრდის გამო ხალხს რატომ უქმნიან პრობლემებს. გზა გადაკეტეს და არავის ატარებენ, ხელით ეხებიან ქალებს.ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვითარების გამწვავების მომხრე არ ვართ და ყველაფერს მშვიდობიანად დავასრულებთ“-ამბობს აიუბ ბორჩაშვილი.
მისი თქმით პოლიციას არავინ დაუკავებია, რადგან ჩხუბში ასობით ადამიანი მონაწილეობდა და ორ სოფელს ვერ დააკავებდნენ.