რთული სიტუაციაა ურეკის ყოფილი მეურნეობის, ნოდარ დუმბაძის ქუჩებზე და სასტუმრო „ელიტას“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
_ გადაუღებელმა წვიმამ მიწა გახეთქა, საცხოვრებელ სახლთან ერთმეტრიანი ხრამია. შეიძლება აქ ღამის გათენება? ძალიან გვეშინია, საშუალება არ გვაქვს, რომ გავამაგროთ მიწა და პრობლემის წინაშე არ დავდგეთ. თუ არ დაგვეხმარა ხელისუფლება, ჩვენ ვერაფერს ვერ გავაწყობთ სტიქიასთან, _ გვითხრეს ურეკელებმა.
წელამდე წყალი და დატბორილი სახლები _ ასეთი მდგომარეობა დაგვხვდა დღის 12 საათზე მისულებს ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე.
ლუიზა დვალიშვილს, რომელიც 27 წელია, ურეკში ცხოვრობს, მიაჩნია, რომ ურეკში საწრეტი არხები გაწმენდილი არ არის და პირველ რიგში, ამ არხების გაწმენდა უნდა მოხერხდეს:
_ მერამდენედ ხდება ეს, არ ვიცი. დაკეტილია არხები, წყალი არსად არ გადის და როგორც კი გადაუღებლად გაწვიმდება, იტბორება სახლები. არც ფრინველი და არც პირუტყვი აღარ გაგვაჩნია. სანამდე უნდა ვიყოთ ასე? თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, იძულებულები ვიქნებით, აქედან გადავსახლდეთ, _ გვითხრა ლუიზა დვალიშვილმა.
დამსვენებელი მზია მაისურაძე „გურია ნიუსთან“ ამბობს: _ საწრეტი არხები არ არის გაწმენდილი. მოსახლეობა და დამსვენებლები ვითხოვთ, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამო უნდა მოგვარდეს, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს მზია მაისურაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კონსტანტინე შარაშენიძის თქმით, მთელი დღის განმავლობაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხალხს დაეხმარონ: _ მესმის მათი პრეტენზია. ვინც კი გვირეკავს, ყველგან მივდივართ და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით. ძალიან შემოგვეჩვია ამ ბოლოს დროს სტიქია. დღეს ურეკის ერთ-ერთ უბანში ჩამოწვა მეწყერი და ჩაკეტა გზა, მოსახლეობა ვერც ფეხით და ვერც მანქანით ვერ გადაადგილდებოდა. ამ დროისთვის ეს პრობლემა მოგვარებულია და გზა გაიწმინდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ყველგან მიდიან და ეხმარებიან ხალხს, _ გვითხრა კონსტანტინე შარაშენიძემ.