ახლახან დათვი კვლავ გამოჩნდა და ამჯერად გური თავაძის თხილის პლანტაცია გააჩანაგა, უფრო უარესიც _ მისი ძროხა დაგლიჯა.
_ დათვმა მაკე ძროხა დამიგლიჯა, რომლის წველადობა დღიურად 10-11 ლიტრი იყო. აწი მე ასეთი ძროხის ყიდვას როგორ შევძლებ? შვილივით ვუვლიდი. დათვის მოკვლა აკრძალულია და ამისთვის ჯარიმაა. მაინტერესებს, დათვს რომ იცავს ხელისუფლება, მეც ხომ უნდა ვიყო დაცული? ჩემი თხილის პლანტაციაც გათელა და ნახევრადაც შემიჭამა, ძროხა დამიგლიჯა, უარესი მხოლოდ ის იქნება, მეც თუ შემჭამს, _ ტირილით გვიამბობს ეთერ თავაძე.
ბოლო დროს, სოფელ ჭანიეთში, დათვის გამოჩენა უკვე სახიფათო მოვლენად იქცა და ხალხი შეშინებულია. სოფლის გამგებელი დავით მჟავანაძე ამბობს, რომ ამჯერად ამზადებენ წერილს ხელისუფლებასთან გასაგზავნად.
_ ვიცი ამ ფაქტის შესახებ, ცუდი ამბავია. ახლა ვამზადებთ წერილს, რათა მივმართოთ გარემოს დაცვის სამინისტროს, რომ ნებართვა მივიღოთ ამ დათვის მოსაკლავად. მანამდე შევეცდებით, მორიგეობით დავიცვათ სოფლის შემოგარენი ნადირისგან. ჩვენთან ბევრი მონადირე ცხოვრობს, რომლებსაც იარაღი კანონიერად აქვს გაფორმებული. თუ ნადირი ვინმეს კიდევ შინ შემოუვარდა, იძულებული იქნება, მოკლას, _ უთხრა „გურია ნიუსს“ სოფელ ჭანიეთის გამგებელმა დავით მჟავანაძემ.