“გურია ნიუსის” ინფორმაციით, შტაბის ხელმძღვანელად დავით დარჩია დაინიშნება, თუმცა, ინფორმაცია ამის შესახებ გასაიდუმლოებულია _ კომპეტენტური პირები ოფიციალურად კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. თუმცა, ის, რომ დარჩია რჩება შტაბის ხელმძღვანელად, ეს ინფორმაცია თბილისში, ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაგვიდასტურა.
ინფორმაციას არც თავად დავით დარჩია ადასტურებს.
_ ვერ გეტყვით ვერაფერს. თქვენ ჩემზე უფრო მეტად ფლობთ ინფორმაციებს. ვიცი ის, რომ სტუმრები ჩამოვლენ და შეგვხვდებიან ჩვენ, მაგრამ ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი, _ გვითხრა დარჩიამ.
ცენტრალური შტაბის დასავლეთის მიმართულების კოორდინატორი ლაშა სამხარაძე, “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს და ხვალამდე მოთმინებით ყოფნას გვირჩევს.
_ ბატონო ლაშა, ინფორმაცია გვაქვს, რომ ხვალ მოხდება პარტია” ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელის დანიშვნა, რომელიც თქვენ უნდა წარადგინოთ.
_ შესათანხმებელია რაღაც საკითხები.
_ დავით დარჩიას ხელმძღვანელად დანიშვნას დაგვიდასტურებთ?
_ ჯერ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით.
_ კომენტარს არც გთხოვთ, ინფორმაციის დადასტურება გვინდა.
_ არა, ჯერ ვერ დაგიდასტურებთ.
_ ბატონო ლაშა, ხვალ უნდა მოხდეს წარდგენა და დასამალი რა არის?
_ ბოდიშს გიხდით, რა! იქნებ, მოითმინოთ ცოტა ხანი! უბრალოდ, ვერ გეტყვით. უნდა შევათანხმო!
_ არ გაქვთ ჯერ შეთანხმებული?
_ ბოდიშით, რა! _ გვითხრა სამხარაძემ და ტელეფონი გაგვითიშა.