ამ ეტაპზე უცნობია შუახევის რაიონის გამგებლის ბედი, რადგანაც საკრებულოს რიგგარეშე სხდომა იქ ახლაც მიმდინარეობს. რიგგარეშე სხდომა არ ჩატარებულა ქედის რაიონში, რომლის გამგებელმაც ორი დღის წინ შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა და გადარჩევა თავიდან აიცილა.
რიგგარეშე სხდომებს აჭარაში წინ რეგიონის ხელისუფლებასთან უკვე ყოფილი გამგებლების მოლაპარაკებები უსწრებდა. ხაბაძის უწყება ცდილობდა, ისინი ნებით გადადგომაზე დაეთანხმებინა სამაგიეროდ კი, დაპირების თანახმად, მათ ეს დათმობა დაუფასდებოდათ. ამ გარიგების თანახმად, გამგებლობა ადვილად დათმო ხულოს რაიონის გამგებელმა გურამ ხოზრევანიძემ, რომელიც აცხადებს, რომ კერძო სექტორში გადადის. თუმცა, კითხვაზე სად, ამბობს, რომ ჯერ არ იცის და გადაწყვეტილი არ აქვს.
დათმობებზე წასვლა, ოღონდ დაახლოებით ერთი თვის წინ მოუწია ქობულეთის რაიონის გამგებელს თენგიზ ზოიძესაც. რომელიც ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო დააკავეს, თუმცა, მალე გამოუშვეს. მალევე გათავისუფლება აჭარის პოლიტიკურ სპექტრს მაშინ შეთანხმების მიზეზად ენიშნა და არც შემცდარა _ გამგებელმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამჯერად ქობულეთის გამგებლის პოსტზე არჩილ ხაბაძემ საკუთარი მეგობარი, ბანკის ყოფილი თანამშრომელი და აჭარის ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი გიორგი რომანაძე წარადგინა. თუმცა, მისი კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებდა ქობულეთის საკრებულოს ნაციონალური ფრაქცია, რომელსაც საკრებულოში ხმათა უმრავლესობა ეკუთვნის. სამაგიეროდ ისინი ქობულეთის გამგებლის მოადგილის რევაზ კარალიძის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომელიც მოწმეზე ზეწოლის ბრალდებით სამი კვირის წინ დააკავეს. როგორც ჩანს გარიგება შედგა, რადგანაც ქობულეთის საკრებულომ ახალი გამგებლის _ გიორგი რომანაძის კანდიდატურას, რომელიც ხაბაძის კადრია, მხარი ერთსულოვნად დაუჭირა.



































































