სადაც მკვლელობის მოტივის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გაახმაურებს.
_ მოვითხოვ სასამართლო პროცესი წარიმართოს ისე, როგორც კანონი მოითხოვს _ დამნაშავე დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს ის. ჩხაპელიას ადვოკატი რომ არის ჯავახაძე, ეგ რეალურად სოსო პავლიაშვილის ადვოკატია. ჩხაპელია ვერ აიყვანდა ადვოკატს, დუსტის ფული არა აქვს. ჩემი შვილის ცოდვა არ შერჩებათ. სადაც არ უნდა წავიდნენ, პარლამენტშიც რომ დასხდნენ, ავთოს თვალები არ მოასვენებთ.
_ სოსო პავლიაშვილი ამბობს, რომ დღემდე აქვს თქვენთან ურთიერთობა. ასევე ამბობს, რომ თქვენ არ გჯერათ მკვლელობაში მისი მონაწილეობა.
_ ბავშვობიდან ერთად არიან გაზრდილები იტალიურ ეზოში. როგორ უნდა დავიჯერო, მაგრამ ფაქტია _ შვილი მაგან მომიკლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბიზნესმენ ავთო ადუაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო. საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოსამართლე ეკა არეშიძის თავმჯდომარეობით. სამივე განსასჯელი: გამოძიების მიერ მკვლელობის დამკვეთად მიჩნეული ვახტანგ ჩხაპელია და მკვლელობის უშუალო შემსრულებლები _ გელა უბილავა და კობა ყურუა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
ვახტანგ ჩხაპელია ცნობილი მომღერლის სოსო პავლიაშვილის დის ქმარია, ხოლო მოკლული ადუაშვილი მომღერლის ბავშვობის მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი.
მოწმედ დაკითხვის დროს, ჩხაპელიამ მკვლელობის დამკვეთად პავლიაშვილი დაასახელა, თუმცა, ეს უკანასკნელი დანაშაულთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს. პავლიაშვილი ადუაშვილთან საერთო ბიზნესის არსებობასაც უარყოფს, თუმცა პროკურატურა ამ ფაქტს უკვე დადასტურებულად მიიჩნევს. როგორც ჩანს, მომღერლის გარშემო წრე თანდათან ვიწროვდება, ყოველ შემთხვევაში პროკურორი ნინო აღლემაშვილი ამბობს, რომ გამოძიებას ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეები აქვს.
ხვალ სასამართლო მოკლული ბიზნესმენის დედას ლარისა ეფრემიძეს და ძმას მევლუდ ადუაშვილს დაკითხავს. პროკურორის თქმით, მათი ჩვენებებით იკვეთება მკვლელობის ახალი მოტივი, გამოჩნდნენ ახალი მოწმეებიც .
თავის შესავალ სიტყვაში პროკურორმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოკლულ ბიზნესმენს ბავშვობის მეგობარ სოსო პავლიაშვილთან რუსეთში საერთო ბიზნესი ჰქონდა. მოსკოვიდან თბილისში დაბრუნებულმა ავთო ადუაშვილმა ვაგზლის მოედანზე მაღაზიის ყიდვა გადაწყვიტა და ფული სოსო პავლიაშვილს სთხოვა, რაზედაც უარი მიიღო. ამის შემდეგ, ადუაშვილმა მას შეახსენა, რომ წილი ეკუთვნოდა საერთო თანხებით შეძენილი მოსკოვის ბინიდან და მუსიკალური სტუდიიდან. პროკურორის თქმით, ამის შემდეგ სოსო პავლიაშვილი ადუაშვილს ყოველთვიურად უგზავნიდა ბიზნესწილს _ 7 ათას ევროს.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, რატომ გასდევს ამ საქმეს ლაიტმოტივად სოსო პავლიაშვილის სახელი, როდესაც ეს უკანასკნელი ამ დრომდე არაფერში იმხილება.
“ნამდვილად არ არის პროკურატურის თვითმიზანი, რომ ვინმე დავადანაშაულოთ. გარდა ამისა ჩვენ გვჭირდება პირდაპირი მტკიცებულებები იმისათვის, რომ მივუთითოთ, სოსო პავლიაშვილი იქნება ეს თუ ვინმე სხვა, კონკრეტული ადამიანის დანაშაულზე. რაც შეეხება სოსო პავლიაშვილს, თქვენ მკითხეთ, ამ საქმეს ლაიტმოტივად გასდევს მისი სახელიო. ეს იმიტომ არა, რომ პროკურატურას სურს ასე, არამედ იმიტომ, რომ საქმის მტკიცებულებებით ჩნდება ეს ადამიანი, როგორც პერსონა, თუმცა, მინდა დავაზუსტო _ როგორც არაბრალდებული, რადგან მტკიცებულებები პირდაპირი მასზე არ არის. თუმცა, გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რის გამოც არსებობს კავშირი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ზუსტად არ შემიძლია გითხრათ როგორი. დღევანდელ სასამართლო პროცესზე თქვენ მოისმინეთ ჩვენი შესავალი სიტყვა. ხვალიდან დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა და უკვე გამოჩნდება, რატომ გასდევს ამ საქმეს სოსო პავლიაშვილის სახელი. ამას საზოგადოება ნახავს სასამართლოში და დარწმუნდება, რომ ეს არ არის პროკურატურის აკვიატება, არამედ კონკრეტული მტკიცებულებების შედეგი,” _ ამბობს ნინო აღლემაშვილი.
შეგახსენებთ, რომ “გურია ნიუსი” პირველი მედიასაშუალება იყო, რომელმაც გასული წლის 23 ნოემბერს, ზაზიაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები გაახმაურა.
ფოტოზე: პატარა სოსო პავლიაშვილი და ავთო ადუაშვილი