საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით კი ირკვევა, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის 2012 წლის სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი წინა წლების შემოსავლებს აღემატება და შეადგენს 288 000 ლარს. წინა წლებთან შედარებით მაღალი შემოსავლები აქვთ მიღებული ასევე კომისიის წევრებს სერგო მესხს – 279 000 ლარი და ზურაბ გაბელაიას – 268 925 ლარი. რაც შეეხება დანარჩენ წევრებს _ მაია ნადირაძეს და გოჩა შონიას, მათ მიერ 2012 წელს მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ მოიძიება.
რაც შეეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების სამუშაოს შესრულებით მიღებულ შემოსავლებს, 2012 წელს, ოფიციალური მონაცემებით, კომისიის წევრების მიერ მიღებული დეკლარირებული შემოსავლები შემდეგნაირად გამოიყურება: კარლო კვიტაიშვილი – 253 594 ლარი, სოფიო ბრიტანჩუკი – 215 724 ლარი, აკაკი სიხარულიძე – 245 687 ლარი, ირაკლი მოსეშვილი – 253 421 ლარი. რაც შეეხება 2012 წელს კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის შემოსავლების ოფიციალურ მონაცემებს, აღნიშნული საჯარო სამსახური ვებ-გვერდზე არ მოიძიება, თუმცა, სავარაუდოდ შეადგენს 285 448 ლარს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებზე პრემიების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მხოლოდ ერთხელ _ 2013 წლის 2 აპრილს გასაჯაროვდა. კომისიის წევრთა დეკლარირებული შემოსავლების ოდენობა კი ცხადჰყოფს, რომ პრემიების გაცემას ხშირი ხასიათი აქვს, რაც კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ ქვეყნდება.
ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ მარეგულირებელი კომისიების წევრების სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლების მზარდი ტენდენცია 2012 წელსაც შენარჩუნებულია _ როგორც კომუნიკაციების ეროვნული, ასევე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიების წევრთა შემოსავლები ყოველთვიურად საშუალოდ 18 000-დან 24 000 ლარამდე მერყეობს.