განსაკუთრებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი დაზარალდა. სახლებში შევარდნილმა წყლის დონემ ერთ მეტრს მიაღწია. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ნიგვზიანში 20-მდე ოჯახს სერიოზული ზიანი მიადგა.
სტიქიას ებრძვიან სოფელ მამათში, სუფსაში, ჯუმათში, გრიგოლეთში, ახალსოფელში.
სტიქიასთან გამკლავებას ოზურგეთშიც ცდილობენ. ქარიშხლის გამო, ათობით სახლს სახურავი აქვს გადახდილი. დაზიანებულია ელექტრო გადამცები ბოძები, გზები.
სტიქიამ განსაკუთრებით შრომის, ნატანების, სილაურის და გურიანთის მოსახლეობა დააზიანა.
გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, შალვა ბოლქვაძის თქმით საავტომობილო გზები ყველგან გახსნილია:
_ შეკვეთილში, სოფელ ოზურგეთში, გურიანთაში საავტომობილო გზები, რომლებიც წაქცეული ხეებისგან იყო ჩახერგილი გახსნილია. ამ წუთებში სამაშველო ბრიგადები ნიგვზიანსა და გრიგოლეთში მუშაობენ, სადაც რამდენიმე სახლია დატბორილი. რაც შეეხება შეკვეთილს, ჯერჯერობით ამოტუმბვითი სამუშაოები არ დაწყებულა, რადგან ისევ გადაუღებლად წვიმს და საქაჩი არ გვაქვს, _ გვითხრა ბოლქვაძემ.
შალვა ბოლქვაძის ინფორმაციით, დილის 4 საათის შემდეგ სამაშველო სამსახურში ოზურგეთიდან 20 გამოძახება დაფიქსირდა, ლანჩხუთიდან კი _ 14.
გურიაში ამ წუთებშიც გადაუღებლად წვიმს.