“ბატონი შოთას ბრიფინგმა ეს სიტყვები გამახსენა: ” _”შენმან მზემან, აქამომდის, შენ ცოცხალი არ მეგონე” . ბოლო პერიოდის მოვლენებმა ბევრი რამ გამოამჟღავნა _ ჩაირთო, პოლიტიკური “ცენტრიფუგა” (ხელსაწყო, რომელიც ხსნარების შენჯღრევის შემდეგ მას ფრაქციებად ალაგებს, თავისი კუთრი წონის მიხედვით). მექანიკური პროცესებისას მარტივად გვაქვს საქმე _ ნამდვილად კუთრი წონის მიხედვით ლაგდება ყველაფერი, ახლა კი არ ვიცი _ შემფასებელი საზოგადოება უნდა იყოს.
არ მახსენდება ბატონ შოთა გოგიბერიძეს, პირადად მე როდის “ვაწყენინე”. ამიტომ ეს ვიღაცისთვის “გულის მოსაფხანად” დაწერილი განცხადება მგონია. აქვე ილიას სიტყვები მახსენდება და იმ “ვიღაცას” შევახსენებ: “ფხანა ქეცმა იცის, ნუ გაიქეციანებ თავს და ფხანაც აღარ დაგჭირდება”.
ჩემი მოღვაწეობით და ცხოვრების წესით, ვფიქრობ, ოზურგეთის საზოგადოებას დავუმტკიცე, რომ სიმართლეს და ჩემი ქალაქის კეთილდღეობას ვემსახურები. სხვა მიზანი არ გამაჩნია. რას ვიზამ, “სიმართლე მწარეა წამალივით, მაგრამ აუცილებელი განკურნებისთვის”.
ბატონ შოთას განცხადებამ განმიმტკიცა ის მოსაზრება, რომ ოზურგეთში ტიფო მიქატაძის, მარინე სუნგულიას და ზოგადად, “რესპუბლიკელების” წინააღმდეგ კამპანიის აგორება დაიკვეთა. სამწუხაროდ, გოგიბერიძე ამ დაკვეთის ერთ-ერთ შემსრულებლად მესახება. კოალიციის “ერთგულ” გოგიბერიძეს რატომ ეჩვენება, იმავე კოალიციის ორი ლიდერის შეხვედრა პარტიის ოფისში დღისით, მზისით, ყველასათვის სააშკარაოზე გამოტანილ “საიდუმლო სერობად”, მისი “ლოგიკური აზროვნებისთვის” მიმინდია.
რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, მინდა საზოგადოებას, და არა გოგიბერიძეს, კიდევ ერთხელ განვუმარტო _კოტე შარაშენიძისათვის მხარდაჭერა ჩემი შეცდომა იყო და ბოლო თვეები ამის აღმოსაფხვრელად ვიბრძვი. რა წინააღმდეგობებსაც ვაწყდები ამ ბრძოლაში, ყველასთვის აშკარაა; გოგიბერიძის განცხადებაც ამის ერთ-ერთი დასტურია; მართალია, სუსტი და მაამებლური, მაგრამ მაინც “დიდი ექოს” გაგრძელებაა. აღიარო და მოიბოდიშო _ ეს ღირსეული საქციელია, ამას გვასწავლის მართლმადიდებლობა, ხოლო არმომანიებას ამპარტავნების, ცოდვამდე მივყავართ,” _ ამბობს მარინე სუნგულია.