გაცნობებთ რომ გუშინ, 2 სექტემბერს იაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდა სამედიცინო პერსონალის მიერ ორგანიზებული აქცია ძალადობის, ქალთა დისკრინიმაციის, ხელმძღვანელობის მიერ სექსუალური თანაცხოვრების იძულების და რელიგიური ნიშნით დევნისა და შეურაცხყოფის წინააღმდეგ.
როგორც კლინიკის თანამშრომელთა განცხადებებით ირკვევა ყველა ამ სამარცხვინო საქციელის ჩამდენი აღმოჩნდა კლინიკის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი პირი, “უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის” წარმომადგენელი, თურქეთის მოქალაქე ვინმე თექინ ატიკი.
აღნიშნული ფაქტი პრესისა და ელექტრონული მედიის საშუალებებით ცნობილი გახდა ქართული საზოგადოებისთვის რამაც საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია.
მიგვაჩნია რომ აღნიშნული დანაშაული ეხება ეროვნულ ღირსებას და წარმოადგენს ქართული საზოგადოების აშკარა უპატივცემულობას რამაც გამოიწვია საზოგადოების მაღალი ინტერესი ამ საქმის გამოძიების მიმართ.
მიუხედავად ამისა აღნიშნული პირი არ არის დაკავებული და საზოგადოებისთვის სამართალწარმოების შესახებ ინფორმაცია არის დახურული. ამიტომ მოგიწოდებთ: უზრუნველყოთ აღნიშნული პირის დაკავება რათა მან ვერ შეძლოს მიმალვა ან ქვეყნის დატოვება, ასევე საქმის სწრაფი, ოპერატიული და ეფექტური გამოძიება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მოახდინოთ საქმის მსვლელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება
პატივისცემით:
ქართული დასი: ჯონდი ბაღათურია
თავისუფალი საქართველო: კახა კუკავა