თავისი საარჩევნო მარათონი სენაკიდან დაიწყო კოალიციის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა, პირველად სწორედ სამეგრელოს მოსახლეობას შეხვდა ნინო ბურჯანაძე. ეს ბოლო დღეებია ზუგდიდში კიდევ ორი კანდიდატის _ ნესტან კირთაძის და ზურაბ ხარატიშვილის მომხრეების აქტიურობა შეინიშნება.
სახალხო-დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის, ნესტან კირთაძის სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ვახუშტი ფარცვანიას განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კირთაძის დასარეგისტრირებლად შეგროვებული 50 ათასამდე მხარდამჭერის ხელმოწერიდან 12 ათასამდე სამეგრელოს რეგიონიდან შეგროვდა. კირთაძის მხარდამჭერები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებენ და ვადამდელ არჩევნებს ელოდებიან.
სწორედ სამეგრელოდან დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია ცესკო-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა, რომელიც ზუგდიდის არტ-გალერეაში შეკრებილ სამეგრელოს მოსახლეობას “ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ” და “ევროპელმა დემოკრატებმა” წარუდგინეს.
ზურაბ ხარატიშვილმა ამომრჩეველს საკუთარი საარჩევნო ხედვა და სტრატეგია გააცნო, ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება ახალი პოლიტიკური ცენტრის ამოქმედების მიზეზით მიიღო.
“ედპ”-ს ლიდერის ბაჩუკი ქარდავას და “”ევროპელი დემოკრატების” ლიდერის, პაატა დავითაიას თქმით, საჭიროა ახალი სახეების გააქტიურება, ვინაიდან მათი შეხედულებები ახლოს დგას ხარატიშვილის ხედვასთან, სწორედ ამიტომ დაუდგნენ გვერდით.