გია ფირცხალაიშვილის თქმით, “გარდა იმისა, რომ კოალიცია “ქართულ ოცნებას” მხარდამჭერები განუდგნენ, მოსახლეობაც ბურჯანაძისკენ იხრება, ამაზე მკაფიოდ პრეზიდენტობის კანდიდატის ლანჩხუთში სტუმრობა და მის შესახვედრად მისული ხალხის რაოდენობა მიგვანიშნებს. შეხვედრა ორ სოფელსა და ქალაქ ლანჩხუთში შედგა, და მას 400-400 ადამიანი დაესწრო. ეს იმის აშკარა მტკიცებაა, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ,” _ გვითხრა ფირცხალაიშვილმა.
_ “ოცნების” რაიონული ორგანიზაციის ლიდერები კოალიციის საარჩევნო შტაბსა და გამგეობაში იბარებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან გაწევრიანებას აპირებენ და მსგავსი გადაწყვეტილებისგან თავის შეკავებას აიძულებენ, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ შეგვაჩერებენ.
ახალი ხელისუფლება ვეღარ შეძლებს წინა ხელისუფლების მიერ დანერგილი მეთოდებით ბრძოლას, ვერავის შეაშინებს და აიძულებს მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას. მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ჩვენს პარტიაში გაწევრიანება _ ნუ შეუშინდებიან მსგავსი ბინძური მეთოდებით მებრძოლ ხალხს და დაიცვან საკუთარი პრინციპები. “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” ლანჩხუთში პრობლემები შეექმნებათ. ძალიან ძლიერები ვართ და ბევრი ხალხი გადმოდის ჩვენთან, ცოტა ხანში უფრო მეტად შეივსება ჩვენი შტაბი “ქართული ოცნებიდან” გადმოსულებით. როცა ვამბობ საჯარო მოხელეებზე ზეწოლაა,-მეთქი, ეს სიმართლეა. ამის ფაქტებიც გვაქვს, რომელსაც მალე გავასაჯაროებთ. რწმუნებულებს ორთვიანი უფასო შვებულება ააღებინეს და საარჩევნო შტაბში ჰყავთ, რადგან სოფლებში ძალიან უჭირთ მომხრეების შეგროვება. მაგალითად, გელა პატეიშვილი, მამათის რწმუნებული, რომელიც საარჩევნო შტაბში მუშაობს; საკრებულოს წევრი დავით წულაძე, რომელსაც საკრებულოში სულ ცოტა ხნის წინ ფრაქცია დაეშალა, იმის გამო, რომ არაკანონიერად შექმნა, მივიდა ჩემს მომხრესთან, რომელიც საჯარო სამსახურშია და ხელფასი შესთავაზა იმის სანაცვალოდ, რომ ბურჯანაძის შტაბი დაეტოვებინა.
“ქართული ოცნება” ლანჩხუთში არის “ნაციონალური ოცნება”, ისევ ყოფილი გამგებელი გია გოგუაძე მართავს აქაურობას, _ ამბობს გია ფირცხალაიშვილი.
საკრებულოს წევრი დავით წულაძე მის შესახებ ფირცხალაიშვილის მიერ ნათქვამს უარყოფს და ამბობს, რომ ეს სრული სიცრუეა.