_ პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის ოზურგეთის რაიონულმა შტაბმა მთელი სერიოზულობით დაიწყო მუშაობა, _ განაცხადა შტაბის ხელმძღვანელმა, დავით დარჩიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს და შტაბის წევრები დაასახელა:
_ აქტივის კოორდინატორი _ დიმიტრი კვერღელიძე, “თავისუფალი დემოკრატები”; შეხვედრების კოორდინატორი _ შოთა გოგიბერიძე, “ეროვნული ფორუმი”; საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი _ მედეა მახარობლიძე, “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო”; შტაბის იურისტი _ თეიმურაზ ბურჭულაძე, “კონსერვატიული პარტია”, ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე _ ბექა ფუტკარაია, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”.
ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, დავარწმუნოთ ოზურგეთის საზოგადოება, რომ კოალიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ღირსეული ადამიანია, _ თქვა დავით დარჩიამ.
_ ბატონო დავით, “რესპუბლიკურ პარტიის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციიდან კოალიციის შტაბში არავის ერგო კონკრეტული პოსტი?
_ “რესპუბლიკური პარტია”, რა თქმა უნდა, თანამშრომლობს ჩვენთან და ამის შესახებ შეგიძლიათ მის წარმომადგენლებს დაუსვათ კითხვა. ამ წუთას რატომ არ ბრძანდებიან აქ, ვერ გეტყვით. თვითონ მათ არ ჰქონდათ სურვილი, რომ რაღაც თანამდებობა დაეკავებინათ. ჩვენ რასაც ვაკეთებთ კოალიციურ რეჟიმში, “რესპუბლიკელებმა” ეს იციან, _ გვითხრა დავით დარჩიამ.