შეხვედრა მუნიციპალიტეტის ცენტრში მიმდინარეობს.
მარგველაშვილს ჩოხატაურში ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, პარლამენტარები: ივანე კიღურაძე და თემურ ჭკუასელი, მსახიობი ზაზა კოლელიშვილი და ჟურნალისტი ქეთევან დუმბაძე (ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი) ახლავს.
შეხვედრაზე მყოფ ადამიანებს შორის გურიის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსი გოჩა ფერსაშვილი, მისი მოადგილე გურამ ასათიანი, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსი აკაკი მაისურაძე და მისი მოადგილე, ზაზა დოლიძეც იყვნენ. ჩვენ კითხვაზე თუ რატომ ესწრებოდა მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის შეხვედრას, გოჩა ფერსაშვილმა ასეთი პასუხი გასცა:
_ კაით რა, კაით რა…
_”კაით რა” როგორ გავიგოთ? რატომ ხართ მმართველი გუნდის კანდიდატის შეხვედრაზე?
_ უსაფრთხოებას, პერიმეტრს ვიცავ.
_ კარგა ხანია გაფიქსირებთ და პერიმეტრის დაცვით ნამდვილად არ ხართ დაკავებული…
_ მოგეჩვენათ (?!).
_ რატომღაც სხვა კანდიდატების შეხვედრისას არ ყოფილხართ… ბურჯანაძის, ნათელაშვილის, ბაქრაძის შეხვედრა მოსახლეობასთან არ საჭიროებდა პერიმეტრის დაცვას?
_ ვიყავი, მაგრამ ეტყობა თქვენ ვერ დამინახეთ (?!) კაით რა?!_ გვითხრა ფერსაშვილმა.
მაშინ როცა სამმართველოს უფროსი იმას გვიმტკიცებდა, რომ ყველა კანდიდატის შეხვედრას პერიმეტრის და უსაფრთხოების დასაცავად ესწრებოდა, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ზაზა დოლიძე, მარგველაშვილისთვის სახელდახელოდ გაკეთებულ სცენასთან ბაასობდა.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაზე “გურია ნიუსის” ობიექტივმა პედაგოგები, სკოლის დირექტორები, საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელები და თანამშრომლები დააფიქსირა.
აკაკი მაისურაძე, გოჩა ფერსაშვილი და გურამ ასათიანი
აიპ სპორტ სკოლის დირექტორი გოჩა ჯიქია
აიპ კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი კახა ჯინჭარაძე და მისი თანამშრომელი, მალხაზ ყაჭეიშვილი
ამაღლების სკოლის დირექტორი, ლალი ყაჭეიშვილი მარგველაშვილთან შეხვედრაზე