(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთელმა კარატისტებმა ზედიზედ რამდენიმე ტურნირში გამარჯვება მოახერხეს _ ჯერ აჭარა-გურიის პირველობაში მიიღეს მონაწილეობა და 15 საპრიზო ადგილი მოიპოვეს. პირველ ადგილზე გავიდნენ: გიორგი, გოტო და ნიკა ჩხაიძეები, გიორგი კეჭეხმაძე და გუგა ივანაშვილი; მხოლოდ გადამწყვეტი შეხვედრები წააგეს თორნიკე და ონისე ცინცაძეებმა, დათო იმნაძემ და დათო წილოსანმა; მესამე ადგილს დასჯერდნენ საბა გოგოძე, გოგა ბარამიძე, დათო ჩაქსელიანი, ელგუჯა სიმონია, მიშო ხელაძე და თორნიკე ქოზაევი. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გოტო ჩხაიძე და სხვა რამდენიმე პრიზიორი მამათის ჯგუფის აღსაზრდელები არიან (მწვრთნელი მანუჩარ ჩხაიძე).
ამის შემდეგ ჩვენებურებმა წარმატებას მცხეთის ტურნირზე მიაღწიეს _ მათ დუშეთს 11:4 (გუნდებში 12 ბიჭი და 3 გოგონა ირიცხებოდა), ხოლო მცხეთას 9:6 მოუგეს. ფინალში ლანჩხუთის სასპორტო სკოლისა და თბილისის გუნდების დაპირისპირება ფრედ _ 7,5:7,5 დასრულდა. დამატებით პაექრობაში ჩვენებურმა ნიკა ჩხაიძემ მეტოქე 7:3 დაამარცხა და ლანჩხუთის გუნდი ჩემპიონი გახდა. როგორც გურიაში კარატე-დოს კურატორმა მერაბ თურქიამ აღნიშნა, თავის აღსაზრდელებთან ერთად, შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ლესისა (მწვრთნელები: ლაშა ბერიძე, ნათია თურქია) და ახალსოფლის (მწვრთნელი: ხაჩიკ ტობოგონიანი) ჯგუფების წარმომადგენლებმა.
ბოლოს კი, ლანჩხუთის, ოზურგეთის, მამათის, ლესისა და ჯუმათის ჯგუფების წარმომადგენლებმა ქამრების მინიჭების პროცედურა წარმატებით გაიარეს. მერაბ თურქიას თქმით, 17-19 ივნისს, ბათუმში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება და ლანჩხუთელები მასშიც მიიღებენ მონაწილეობას.