26 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჩოხატაურში მყოფ არც ერთ პოლიტიკურ ძალას განცხადება არ გაუკეთებია. უფრო მეტიც, ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერები საზოგადოებაში არც კი ჩნდებიან. სახალხო კრების ჩოხატაურის კომიტეტის თავმჯდომარეს, მამია ბარამიძეს 3 დღის განმავლობაში არც ოფისი გაუღია და არც თვითონ გამოჩენილა. ბარამიძე არც მისი პარტიის მიერ ორგანიზებულ 26 მაისის საპროტესტო აქციებზე უნახავს ვინმეს. არც “რესპუბლიკელების”, არც “ქრისტიან დემოკრატების”, არც “ახალი მემარჯვენეების” და არც “ქართული პარტიის” ჩოხატაურის ორგანიზაციების ხელმძღვანელებს საგანგებო განცხადებები არ გაუვრცელებიათ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, აქციაზე ოპოზიციური პარტიის წევრი რამდენიმე ჩოხატაურელი იმყოფებოდა, თუმცა მათი ვინაობა პარტიების წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ.
რაც შეეხება ხელისუფლებას, როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი აქციის დარბევას და დარბევის მეთოდებს ამართლებენ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია გიორგაძის თქმით, “ბურჯანაძის დაძახილზე” ხალხი ქუჩაში არ უნდა გასულიყო. გამგებელს მისი მოადგილე დიმიტრი კორიფაძეც ეთანხმება და ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა კანონის ფარგლებში და სამართლიანად აღკვეთეს.
ჩვენს კითხვას, რას იტყოდნენ, მათი შვილებიც რომ ყოფილიყვნენ აქციაზე და სპეცრაზმელებს დამიზნებით ტყვიები ესროლათ, პასუხი გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლია ხუნდაძემ გასცა:
_ ჩემი შვილი თუ იქ იქნებოდა, რაც დაემართებოდა, იმის ღირსიც იქნებოდა!