როგორც საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიცე–სპიკერმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრის მთავარი თემა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იყო.
“ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და დასავლური კურსის შენარჩუნება არის ერთ–ერთი მთავარი წინაპირობა საქართველოს გამთლიანებისათვის და მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს ქვეყანაში უნდა იყოს კიდევ ერთი, წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ყველა მოქალაქის ინტერესშია საპრეზიდენტო არჩევნები ცივილიზებულ გარემოში ჩატარდეს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ, თუმცა აღნიშნა, რომ არასოდეს ყოფილა საქართველოში არჩევნები იმ ფონზე ჩატარებულიყოს, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი და სხვა პოლიტიკური ლიდერები დაპატიმრებულნი არიან.
“ეს არაჯანსაღ ვითარებას ქმნის. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანამშრომლობის შესაძლებლობა იყოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რათა ქვეყანამ გააგრძელოს დასავლური ორიენტაცია და დასავლური კურსით სვლა”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
შეხვედრაზე საპარლამენტო უმცირესობამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ განვითარებულ მოვლენებზე. როგორც გიორგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროვოკაციები რუსეთის მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს. მუდმივი ხასიათი აქვს მათ მიერ ოკუპაციის ხაზის გადმოწევას. ამის დასტური დღეს დიცში განვითარებული მოვლენაა. რუსეთმა უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები და ეუთო–ს ამაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, განაცხადეს შეხვედრისას უმცირესობის წარმომადგენლებმა.
მათი ინფორმაციით, საუბრის ერთ–ერთი თემა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ეხებოდა, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლება აპირებს და რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კვორუმის 3/4–დან 2/3–მდე დაწევას გულისხმმობს. “ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ერთპარტიულად მოხდება“, – განაცხადეს უმცირესობის წარმომადგენლებმა.