სამინისტროს ინფორმაციით, კილაძის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან არც ერთი არ არის გადაღებული ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
“ორი ფოტოსურათი, სადაც ნაჩვენებია პატიმრის მოკვეთილი ხელი, გადაღებულია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 2012 წლის ივლისში. ხელი ეკუთვნის პაციენტ ნოდარ რ.-ს, რომელიც არასოდეს ყოფილა პატიმარი.
რაც შეეხება დანარჩენ ფოტოებს, სადაც ასახულია პატიმართა რენტგენის სურათები, საიდანაც ირკვევა, რა გზით შეაქვთ პირებს აკრძალული საგნები ციხეში, ეს ფოტოები სასჯელაღსრულების სამინისტრომ საზოგადოებას უკვე წარუდგინა.
ამ ფაქტიდან დასტურდება სამინისტროს ინფორმაცია, რომ ნამდვილად არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ სისტემის დისკრედიტაციას და როგორც ჩანს, სწორედ მათ მიაწოდეს ქალბატონ ელისო კილაძეს მცდარი ინფორმაცია. ინფორმაციისთვის დამაჯერებლობის ელფერის მისაცემად კი თან დაურთეს ის ფოტოები, რომლებიც გუშინ თავად გაავრცელა სამინისტრომ,“ _ ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “ქრონიკა +“ – ის რედაქტორმა ელისო კილაძემ ფოტომასალა გაავრცელა, რომელზეც ადამიანის მოჭრილი ხელია ასახული. მისი თქმით, ის ერთ-ერთი პატიმრის მოჭრილი მარჯვენაა და ფოტო, სავარაუდოდ, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაღებული.
კილაძემ სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარისგან აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება მოითხოვა.