შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ცრუ შეტყობინება 18 სექტემბერს 10:48 საათზე შევიდა.
შეტყობინების მიღებისთანავე სოფელ დვაბზუში შსს-ს შესაბამისი სამსახურები გამოცხადნენ. სასწავლო პროცესი დვაბზუს ორივე სკოლაში შეწყდა, რადგან ანონიმური ზარის ავტორს არ დაუკონკრეტებია, სოფლის რომელ სკოლაში იყო ნაღმი. ოპერატიულად მოხდა პედაგოგების და მოსწავლეების ევაკუაცია. გამნაღმველების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ცრუ შეტყობინებას. არც ერთ სკოლის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილება არ აღმოჩნდა.
ცრუ შეტყობინების არასრულწლოვანი ავტორები სამართალდამცველებმა მშობლების თანდასწრებით გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს და დაკითხეს.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონული სამმართველო აწარმოებს.