მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია მეტრეველის განცხადებით, ძეგლის აღება სასწრაფო არაა, რადგან “ის არსად არ გაიქცევა“.
“სტალინის ძეგლის აღება ასეთი სასწრაფო ხომ არ არის, არსად არ გაიქცევა, ალბათ. დემონტაჟზე გადაწყვეტილება მიღებულია, შესაბამისი აქტებიც გაფორმებულია და უახლოეს პერიოდში ავიღებთ,” – უთხრა “გურია ნიუსს” მეტრეველმა.
მისივე თქმით, ზუსტად ვერ იტყვის, როდის აიღებენ ძეგლს, რადგან “მერე მისი დასაწყობების საკითხია გადასაწყვეტი და ჯერჯერობით, თავს ამიტომ იკავებენ”.
შეგახსენებთ, რომ თელავში, ზუზუმბოს მთაზე შინ მოუსვლელთა მემორიალთან სტალინის ძეგლი პირველ სექტემბერს დადგეს. უცნობმა პირებმა ის იმავე ღამით პროტესტის ნიშნად წითელი საღებავით შეღებეს. აღნიშნული ძეგლი წლების წინ თელავის ამჟამინდელი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა.
თელავის გამგეობაში განაცხადეს, რომ ძეგლის დადგმა უკანონოდ მოხდა. თუმცა, “სტალინელის” ხელმძღვანელის, გრიშა ონიანის განცხადებით, მათ ძეგლის დადგმაზე ნებართვა 18 აპრილს, მაშინდელ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ზურაბ ყურაშვილისგან მიიღეს.
6 სექტემბერს ორგანიზაცია “სტალინელს” თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ძეგლის ასაღებად 5 დღიანი ვადა მისცა. თუმცა, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დემონტაჟისთვის საკმარისი თანხა არ აქვს. მოგვიანებით, გია მეტრეველმა აღნიშნა, რომ ძეგლს გამგეობა აიღებდა.