სამინისტროს წარმომადგენლები თანამედროვე ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს ეცნობიან.
კონფერენცია ორგანიზებულია კორპორაცია “ორაკლის” მიერ, რომელიც მსოფლიოში პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. ღონისძიებას კორპორაცია ყოველწლიურად მართავს და საკუთარ ნოვაციებს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო კომპანიებს აცნობს.
ქართულ დელეგაციას, კონფერენციის სხვა მონაწილეებთან ერთად, რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნება, მუშაობის პროცესში გამოცადოს თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეები და გაეცნოს მათ ძლიერ თუ სუსტ მხარეებს. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები იმ პროგრამებით ინტერესდებიან, რომლებიც მონაცემთა ბაზების, ბიზნესოპერაციებისა და სხვა დანიშნულებისათვის შემუშავდა და რომელთა გამოყენებაც წარმატებით შეიძლება სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში.
ორგანიზატორებმა იუსტიციის სამინისტროს დელეგაციისათვის სპეციალური ტური დაგეგმეს, რომლის ფარგლებშიც კონფერენციის ქართველ მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ესტუმრონ “ორაკლის”, “გუგლისა” და “ეფლის” სათავო ოფისებს, აგრეთვე, სტენფორდის უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრს, გაეცნონ მათი მუშაობის სპეციფიკას და იმ სიახლეებს, რომელთაც მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კორპორაციები სამთავრობო უწყებებს სთავაზობენ.