სხდომაზე დეპუტატებმა “შპს მადისა“ და საკაბელო ტელევიზია “ჯი-ემ-ჯი“-ს წარმომადგენლებს მოუსმინეს.
“შპს მადის” მფლობელმა ავთანდილ დევიძემ მისი კომაპანიისთვის ლიცენზიის და საკუთარი წილის ჩამორთმევის დეტალებზე ისაუბრა. დევიძის თქმით, მისი კომპანიის ლიცენზიის საკაბელო ტელევიზია “ჯი-ემ-ჯის” სასარგებლოდ დათმობის მიზნით, 8 თვის განმავლოვაში დაპატიმრებული ჰყავდათ.
“პატიმრობის განმავლობაში ჩემთან დასავლეთ საქართველოს კუდის უფროსის მოადგილე შალვა ბოლქვაძე დადიოდა და წილის დათმობას მთხოვდა. თუმცა, ყველაფერი საუბრის დონეზე რჩებოდა და ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა,” _ განაცხადა დევიძემ.
ცნობისთვის, “კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ” კომპანია “მადის” წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება საბიუჯეტო დავალიანების მიზეზით წამოიწყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა დევიძეს დაახლოებით 43 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მოგვიანებით კი, დააკავეს.
დევიძის განცხადებით, მას საპროცესო გარიგებაზეც კი უარი ეთქვა. თუმცა, რამდენიმე თვეში პატიმრობიდან სრულიად მოულოდნელად გაათავისუფლეს.
“დაახოებით, ორი თვის შემდეგ ჩემთან “ჯი-ემ-ჯი”-ს ხელმძღვანელ მამუკა გამყრელიძესთან ერთად კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელი გიორგი რატიშვილი მოვიდა. ამჯერადაც, ლიცენზიის დათმობას ითხოვდნენ. საბოლოოდ, ლიცენზია დავთმე, რადგან “კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ” ჩემს წინააღმდეგ ყველა სახის ბერკეტი გამოიყენა,” _ აცხადებს დევიძე.
სხვა ვერსია აქვს მამუკა გამყრელიძეს, რომლის განცხადებითაც, “შპს მადისგან” ლიცენზია 14 000 ლარად შეიძინა.
“ვიცოდი, რომ დევიძეს 4 ლიცენზა გააჩნდა და გადავწყვიტე, მისგან ერთი ლიცენზია შემეძინა ან მექირავებინა. ეს დამკვიდრებული მეთოდია და სამაუწყებლო კომპანიებს, რომელთაც ლიცენზია არ გააჩნიათ, შეუძლიათ ის შეისყიდონ ან იქირაონ,” _ აღნიშნავს გამყრელიძე, რომელიც დევიძის მიმართ რამე სახის ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს.