2 ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, რომლის ისტორიული სახელიც “ამაღლებაა” და ეს სახელი სოფელს ისევ დაუბრუნდა, სოფლის დღესასწაული _ “ამაღლება” გაიმართა.
სოფელი ამაღლება (განახლება) საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით ამაღლებულ ადგილას მდებარეობს. სოფლის სახელი რელიგიურ დღესასწაულს _ იესო ქრისტეს ამაღლებას უკავშირდება. სოფლისთვის ისტორიული სახელის დაბრუნების ინიციატორები სოფლის დღევანდელი ხელმძღვანელები _ ემზარ და ოთარ დოლიძეები არიან.
2 ივნისს, სოფლის ცენტრში, სადაც მთელ სოფელს მოეყარა თავი, მოსწავლეებმა სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ღონისძიება გამართეს _ ლექსს სიმღერა ცვლიდა, სიმღერას სოფლის ისტორია. სოფელში 1880 წელს სამრევლო სკოლა დაარსებულა, 1890 წელს _ ორკლასიანი სასწავლებელი, 1936 წლიდან კი საშუალო სკოლა გახსნილა.
ღონისძიებაზე პატივი მიაგეს 1941-45 წელს სამამულო ომში დაღუპულ თანასოფლელებს.
ამაღლებაში ამაყობენ, რომ ქვეყნის სასიქადულო შვილი, ცნობილი კინორეჟისორი სიკო დოლიძე მათი სოფლიდან იყო და მის მიერ გადაღებული ფილმები _ “უკანასკნელი ჯვაროსნები”, “შეხვედრა წარსულთან”, “გაქცევა განთიადისას” ნაწილობრივ, მათ სოფელს უკავშირდება.
ღონისძიების დასასრულ, საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გიორგაძემ შეკრებილებს დღესასწაული მიულოცეს, ღონისძიების ორგანიზატორებს _ ქალბატონებს ლამარა სიხარულიძესა და თამარ დოლიძეს საჩუქრები გადასცეს. ბოლოს კი სპორტული სანახაობა _ დოღი, ფრენბურთი, ჭიდაობა გაიმართა, რომელიც გარდაცვლილი საბა დოლიძის ხსოვნას მიეძღვნა.
მამა გიორგიმ დალოცა შეკრებილნი და აღნიშნა, რომ ეს დღესასწაული ტრადიციად უნდა იქცეს.