(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში გაიმართა მთავრობის პირველი მეთაურის, ნოე ჟორდანიას შვილის, რეჯებ ჟორდანიას წიგნის _ “გავიზარდე ლევილში” (წიგნი რამდენიმე წლის წინ დაიბეჭდა. რედ.) პრეზენტაცია. აღსანიშნავია, რომ ამ დღისთვის თბილისში სპეციალურად იყვნენ მიწვეულები ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც გაიმარჯვეს კონკურსში _ “ნოე ჟორდანია”. ღონისძიება სახელმწიფო მინისტრის დიასპორის საკითხებში, პაპუნა დავითაიას მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც პარლამენტის უმრავლესობის წევრები, საქართველოს ისტორიის ამ პერიოდზე მომუშავე ისტორიკოსები, ნოე ჟორდანიას შთამომავლები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა გახსნა.
რეჯებ ჟორდანიამ ისაუბრა თავისი წიგნის შესახებ და ისინი ავტოგრაფით საჩუქრად დაურიგა დამსწრე საზოგადოებას. მან კონკურსში გამარჯვებულ ოთხ ლანჩხუთელ მოსწავლეს _ გოჩა კვირკველიას, ანა ასათიანს, მარიამ ზარიძესა და მარიამ ვადაჭკორიას საპატიო სიგელები და ფულადი პრემიები გადასცა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირმა მგელაძემ მადლობა გადაუხადა რეჯებ ჟორდანიას და სამომავლოდ ლანჩხუთისა და ლევილის დამეგობრება ისურვა.