ხვალ გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ხატს – “ყოველთა მწუხარეთა სიხარული” დააბრძანებენ.
ასევე, სამების საკათედრო ტაძრისკენ ხატით მსვლელობა დაიწყება (მარშრუტი: გმირთა მოედანი-ვარაზის ხევი-მელიქიშვილი-რუსთაველი-თავისუფლების მოედანი-პუშკინის ქუჩა-ავლაბრის აღმართი-სამების საკათედრო ტაძარი).
სამების საკათედრო ტაძარში უწმიდესი და უნეტარესი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა აკურთხებს ხატს, რომელიც აფხაზეთში 20 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგებისათვის მლოცველთათვის დაიწერა.
უწმიდესი და უნეტარესი ქართველებისა და აფხაზების შერიგებისათვის ილოცებს და აფხაზეთში 1990-იან წლებში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ხატით მსვლელობას შეურთდეს.
ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.