“საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების დროს მან განაცხადა, რომ ის სხდომებს დაესწრებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. იქნებ, მოვიდეს და დაესწროს საკრებულოს სხდომებს,” – განაცხადს საკრებულოს დეპუტატებმა.
მელექედურის დეპუტატის, ავთანდილ ხინთიბიძის თქმით, არის საკითხები, რომელიც ვერ გვარდება ადგილზე და კარგი იქნებოდა, რომ დეპუტატი თვეში ერთხელ ოზურგეთში ჩამოვა და საკრებულოს სხდომას დაესწრება.
ზვიად კვაჭანტირაძე კი აცხადებს, რომ მისი ბიუროს წარმომადგენლები სხდომებს მუდმივად ესწრებიან.
“სრული ინფორმაცია მაქვს იმაზე, თუ რას აკეთებს საკრებულო. პირადად მე არ მაქვს ასეთი სურვილი და ამიტომ არ ვესწრები. არც დრო მაქვს, რომ სპეციალურად საკრებულოს სხდომებს დავესწრო.
დღეს, მაგალითად, პარლამენტის საგანგებო სხდომაა. წესით აქ უნდა ვიყო და ვარ კიდეც. ასე რომ, მაინც ვერ დავესწრებოდი სხდომას. ამის ვალდებულებაც არ გამაჩნია. თუმცა, უფლება მაქვს. ამ უფლებას კი ჩემი ბიუროს მეშვეობით ვახორციელებ.
გულწრფელად გეტყვით, მთავარი მაინც ისაა, რომ საკრებულოს სხდომებზე პირადად დასწრების სურვილი მართლა არ მაქვს. თუმცა, ასეთი განზრახვაც და დიდი სურვილიც მქონდა.
მას შემდეგ, რაც საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ თავმჯდომარის პოსტზე “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს პირდაპირი გაგებით , უღალატა და დაპირების მიუხედავად ხმა არ მისცა, ვფიქრობ, ამ ეტაპზე მაინც, საკრებულოსთან პირადად ჩემს აქტიურ თანამშრომლობას აზრი არ აქვს.
ეს ჩემი კოლეგების რჩევაცაა და ზოგადად სამართლიანი მიდგომაც, თუ საკრებულოს ხსენებულ დეპუტატს ჩემთან შეხვედრა ან რომელიმე საკითხის ჩემთან განხილვა სურს, დიდი სიამოვნებით შევხდები მას,” _ განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.