“მათი პროტესტი გამოიწვია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილისა და უმრავლესობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამიდან 10 მილიონი ლარის ამოღების თაობაზე, რის გამოც შეუძლებელი გახდა საცხოვრებელ კორპუსებში უკვე დაგეგმილი ასეულობით ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.
შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით თბილისის მერია განმარტავს, რომ იგი სრულ მხარდაჭერას უცხადებს აღნიშნულ საკითხზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მოთხოვნას და მზადაა მის ხელთ არესებული ყველა კანონიერი რესურსი გამოიყენოს მოცემული პრობლემის გადასაწყვეტად, რომელიც წარმოიქმნა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის სრულიად გაუცნობიერებელი გადაწყვეტილებით და რომელმაც ამხანაგობების ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საკითხში თბილისის რაიონების გამგეობების სრული პარალიზება გამოიწვია.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით თბილისის ბიუჯეტის შესაბამისი მუხლიდან ამოღებული 10 მილიონი ლარი განკუთვნილი იყო ამხანაგობებისათვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისათვის. საგულისხმოა, რომ ქალაქის საკრებულოს ამ გადაწყვეტილებით უკვე სექტემბრიდან თბილისის რვა რაიონის გამგეობა საერთოდ ვეღარ ახერხებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარმოდგენილი პროექტების დაფინანსებას, რამაც უდავოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა თბილისის მაცხოვრებლები”,-ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების ნაწილმა გუშინ პრესკონფერენცია გამართა და დაანონსა, რომ თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
ცნობისთვის, ამხანაგობების თავმჯდომარეები საკრებულოს ფრაქცია “თბილისელების” წევრ გულიკო ზუმბაძის ინიციატივას – გაუქმდეს თანადაფინანსება, აპროტესტებენ.