ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ ასევე, გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები.
“ერთადერთი, რაც ამ ვაჟკაცების დაღუპვით გამოწვეულ ტკივილსა და სიცარიელეს შეგვივსებს ჩვენი მომავლის მტკიცე რწმენაა. განსაკუთრებით მინდა მივმართო აფხაზეთიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ ქართველებს და ზოგადად, ჩვენს მოქალაქეებს – მომავლის რწმენა, ისტორიული მრავალათასწლოვანი გამოცდილება გვეუბნება იმას, რომ ჩვენ აუცილებლად ფეხზე დავდგებით და ჩვენი ტერიტორიის სხეულს გავამთლიანებთ. ეს გარდაუვალია, მაგრამ ამას ბუნებრივია, უდიდესი სიმტკიცე სჭირდება, რის მაგალითსაც ამ კედელზე ჩვენი გმირების გვარები კიდევ ერთხელ გვახსენებენ”- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და დაღუპულთა ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.